„პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ“ - ევროპარლამენტარი

პუბლიკა

ევროპარლამენტარმა, მაიკლ გალერმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული ფარული მოსმენების შესახებ და მთავრობა ფოკუსირებული უნდა იყოს ამ საქმის გამოძიებაზე.

მან ასევე თქვა, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის ელჩს და სხვა საერთაშრისო პარტნიორებს, არამედ საქართველოს პრეზიდენტმაც უთხრა მათ, რომ მასაც უსმენენ.

„ეს ძალიან შემაშფოთებელია.  არა მხოლოდ ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია. მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს, ვინ გასცა იმის ბრძანება, რაც საქართველოს კანონდებლობის მიხედვით უკანონია.

საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან. თუ შემთხვევით ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ეს ასევე აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა გამოიძიოს გამძიებულმა და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს, “- ამბობს ევროპარლამენტარი „ამერიკის ხმასთან“.


2 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.

საუბარია, ათასობით დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.