პროკურატურამ უზრუნველყოს მერნეულში მყოფი პოლიციელების უმოქმედობის შესწავლა - EMC

პუბლიკა

„ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ცნობილი ხდება, რომ ჯ. მუჰამედალის, გ. ქველაძისა და გ. მუმლაძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტები აგრეთვე აღქმადი უნდა ყოფილიყო ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლებისთვის, თუმცა მათ რაიმე რეაგირება არ მოუხდენიათ”, – EMC მარნეულში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

მათი თქმით, ამგვარი პრაქტიკა პოლიციის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას ასუსტებს და მისი პოლიტიზირების რისკებს აჩენს. EMC აღნიშნავს, რომ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია შეფასებული იქნეს პოლიციის თანამშრომლების შესაძლო სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

„ჩვენთვის კიდევ უფრო მიუღებელია, რომ პარტიული აქტივისტების მხრიდან ძალადობის გამოვლენა სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა, რადგან ამგვარ შემთხვევებს გამყინავი და დამაზიანებელი გავლენა შეიძლება იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე და დემოკრატიულ პროცესებზე.  

EMC მიიჩნევს, რომ ქალაქ მარნეულში და მანამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობრივი შემთხვევები კიდევ ერთხელ აჩვენებს ღრმა პოლარიზების და ანტაგონიზმის პრობლემას ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. პოლიტიკური პასუხიმგებლობის სრული უგულებელყოფით პარტიებს დაპირისპირება, კონფლიქტი და შფოთი მიკრო სოციალურ ველში გადააქვთ და არ იაზრებენ ამგვარი კონფლიქტების სოციალურ შედეგებს, რომელიც შიშს, უნდობლობას, იმედგაცრუებას და იზოლაციას იწვევს.  ძალადობის ლეგიტიმაცია და ნორმალიზება პარტიების მხრიდან დემოკრატიული პოლიტიკის ბაზისურ პრინციპებზე და  ეთიკაზე უარის თქმაა და თავად პოლიტიკის იდეასაც ეწინააღმდეგება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მეზობელ მუნიციპალიტეტებში პოლიტიკა უკვე წლებია ადგილობრივი ინტერესთა ჯგუფებითა და კლანებით იმართება და ერთგვარად ნორმალიზებულია მათი თვითნებობა და უპასუხისმგებლობა. ბოლო დღეებში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებიც პოლიტიკის წარმოების ამ ლოგიკით და პრაქტიკით უნდა აიხსნას. ამ პირობებში ცხადია, რომ  ადგილობრივი მოსახლეობის ხმა და ინტერესები პოლიტიკაში სათანადოდ წარმოდგენილი არ არის. ინფორმაციულ პერიფერიაში არსებობა, წლების განმავლობაში მოუგვარებელი ბაზისური სოციალური პრობლემები, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი პრაქტიკისა და ტრადიციების არ არსებობა ადგილობრივ მოსახლეობაში პოლიტიკური პროცესების და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობას აჩენს. ცხადია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ძალადობის ამ მასშტაბით შემოტანა და დაშვება ამ უნდობლობას და შიშს კიდევ უფრო გააღრმავებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

საქართველოს გენერალურ პროკურატურას

  • უზრუნველყოს ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლების უმოქმედობის შესწავლა და მისცეს სათანადო შეფასება;
  • მარნეულში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშრებით შსს მარნეულის პოლიციის სამმართველოში მიმდინარე გამოძიებაზე განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • გამოძიების ფარგლებში დროულად განხორციელდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის გადაღებული ვიდეოკადრების გამოთხოვა და ფიქსაცია;
  • უზურნველყოს ინციდენტში მონაწილე თავდამსხმელი პირების იდენტიფიცირება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა.
  • მიიღოს სათანადო პრევენციული ზომები მომავალში მსგავსი ტიპის ინციდენტების აღკვეთის მიზნით;

პოლიტიკურ პარტიებს

  • არ დაუშვან წინასაარჩევნო პროცესში ძალადობრივი ჯგუფებისა და პრაქტიკების გამოყენება და გაიაზრონ ამგვარი გამოცდილების მძიმე სოციალური შედეგები;
  • სათანადოდ გაიაზრონ დემოკრატიული, პლურალისტური, თემზე ორიენტირებული პოლიტიკის პრინციპები და წინასაარჩევნო პროცესები სწორედ ამ პასუხისმგებლობით და იდეალებით წარმართონ”, – წერს EMC.

29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გივი ქველაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს.

შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის“ და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება.

ფიზიკურ ანგარისწორებაზე საუბრობს ასევე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე.

30 სექტემბერს დილით კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ”. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამ ეტაპზე შსს-ს არავინ დაუკავებია.