პროკურატურასთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული - შსს

პუბლიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურასთან ნინოწმინდის ბავშთა პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

„დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა!“ – ამ წუთებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პროკურატურასთან აპროტესტებენ. როგორც ადგილიდან „პუბლიკის“ კორესპონდენტი იუწყება, პოლიციამ კიდევ ოთხი აქტივისტი – ნიკა ფარულავა, ტიტე გედენიძე, ზუკა ბერძენიშვილი, პაატა ხარატიშვილი გაიყვანა აქციიდან ძალის გამოყენებით. იქამდე, პოლიციამ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გაიყვანა აქციიდან. მოგვიანებით კიდევ ორი აქტივისტი გაიყვანა პოლიციამ.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, დაიხუროს ნინოწმინდის პანსიონის ტიპის ბავშვთა სახლები და გამოიძიონ პანსიონთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულები. ასევე, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა შეუშვან დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

ომბუდსმენის ცნობით პროკურატურიდან და შსს-დან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პანსიონთან დაკავშირებით ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.