„ქართული მარში“ პირადობაში ეროვნების გრაფის აღსადგენად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

პუბლიკა

„ქართული მარში“ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში ეროვნების გრაფის აღსადგენად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

პარტიის გენერალურმა მდივანმა, პაატა შიხიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით დაიწყება კამპანია. მისი თქმით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, 45 სამუშაო დღეში უნდა შეაგროვონ 25 000 ხელმოწერა.


საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 5 ოქტომბერს იმსჯელა და მხარი დაუჭირა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შესაბამისი ფორმები გადაეცეს ხელმოწერების შესაგროვებლად.

საიანიციატივო ჯგუფს 45 სამუშაო დღე ეძლევა ხელმოწერების შესაგროვებლად და პარლამენტში წარსადგენად. ამის შემდეგ კომიტეტის აპარატის მიერ შემოწმდება ხელმოწერების ნამდვილობა და კომიტეტის სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე საკითხზე დაიწყება საკანონმდებლო პროცესი.


„ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ინიციატივის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში შემოღებული იქნება ეროვნულობის გრაფა, სადაც ეროვნების მითითება მოხდება დაბადების მოწმობაში ეროვნულობის გრაფის მიხედვით და განცხადების საფუძველზე.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეროვნების მითითება იქნება ნებაყოლობითი და დამოკიდებული იქნება მშობლების ან დაბადების მოწმობის მფლობელის სურვილზე, ჩაწერონ თუ არა ეროვნება დოკუმენტში.

„დღემდე არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები საქართველოს მოქალაქეების ეროვნული შემადგენლობის თაობაზე, რათა დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ შეიმუშავოს შესაბამისი სტრატეგია ეროვნული უმცირესობების მიმართ, მათი სამოქალაქო რეინტეგრაციის პროცესის ეფექტურობის ამაღლების მიზნით“, – ვკითხულობთ კანონპროექტში.