ქვეშეთი-კობის გზის პროექტით 158 ოჯახი დაკარგავს 288 მიწის ნაკვეთს - „მწვანე ალტერნატივის" ანგარიში

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ადგილობრივ მოსახლეობაზე ზემოქმედებას ეხება.

ანგარიშის მიხედვით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტს აქვს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება როგორც ამჟამად არსებულ საარსებო პირობებზე, ასევე, შეიცავს ცხოვრების ხარისხის გაუარესებისა და ადგილობრივი განვითარების შესაძლებლობის განადგურების მნიშვნელოვან რისკებს. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროექტის განხორციელება განადგურების რისკის წინაშე აყენებს თბილისიდან 100 კმ-ში მდებარე დაახლოებით 9 კმ-ს სიგრძის ხადის ხეობას.

„პროექტის გზშ-სა და თანმდევ დოკუმენტებში, საერთოდ არ არის განხილული პროექტის უშუალო ზემოქმედება რეგიონში არსებულ სიღარიბეზე, რაც განსაკუთრებით პრობლემატურია იმის ფონზე, რომ დოკუმენტის თანახმად, 108 ოჯახი დაკარგავს სასოფლო სამეურნეო მიწის 10% ზე მეტს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ადგილობრივ ეკონომიკურ აქტივობებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას“

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დოკუმენტების თანახმად პროექტს ზემოქმედება ექნება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე საკარმიდამო მიწებზე. 158 ოჯახი დაკარგავს 288 მიწის ნაკვეთს, საიდანაც 261 ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეოა. საერთო ჯამში, პროექტი 34 ჰექტარი მიწის ნაკვეთებს დაიკავებს. ამავე ანგარიშის მიხედვით, ხეობის მცირე მიწიანობიდან გამომდინარე, პროექტს არ უცდია შეეთავაზებინა ალტერნატიული მიწის ნაკვეთები, ხოლო შეთავაზებული კომპენსაცია სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და არ წარმოადგენს მიწის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების შედეგს. პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე პრობლემატურად რჩება, როგორც ტრადიციული მიწების რეგისტრაციისა და კომპენსაციის საკითხი, ასევე, გაჩნდა ე.წ მიტაცებული მიწები – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ თვითნებურად რეგისტრირებული ტრადიციული სათემო მიწები.

„პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და პროექტთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო დოკუმენტები არ შეესაბამება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკასა (2014) და შესაბამისობის კრიტერიუმებს. მათ შორის: ბანკის შესაბამისობის პირველ კრიტერიუმს – გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედება და რისკების შეფასება და მართვა, მე-5 შესაბამისობის კრიტერიუმს – იძულებითი განსახლება, მე-10 შესაბამისობის კრიტერიუმს – საზოგადოების მონაწილეობა. ასევე პრობლემატურია მე-8 კრიტერიუმი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“, – წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროექტი არ შეესაბამება აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკას. ის ზემოქმედებს ე.წ. „კრიტიკულ ჰაბიტატზე“, ანუ „ტერიტორიაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქვს მაღალი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნება“ და დიდ რისკებს უქმნის ფიზიკურ კულტურულ რესურსებს.

„აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად, პროექტს მინიჭებული აქვს გენდერული მეინსტრიმინგის კატეგორია, ხოლო სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ამ თვალსაზრისით მთელ რიგ ქმედებებს (გზების უსაფრთხოების კამპანია, ვიზიტორთა ცენტრში ქალების დასაქმება, ქალების მიერ ტურისტული საქმიანობების განხორციელება). თუმცა, დაგეგმილი ქმედებები, ერთი მხრივ, არათანაწონადია იმ პრობლემების, რაც აწუხებს მოსახლეობას და განსაკუთრებით, ქალებს ხადის ხეობაში (უგზოობა, სამედიცინო და საბაზისო სერვისები), ხოლო მეორე მხრივ, ვერ შექმნის ქალთა გაძლიერების შესაძლებლობებს, როგორც ხადის ხეობის, ასევე, რეგიონის ცხოვრებაში“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის გატარებული ღონისძიებები არ შეესაბამება აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის განაცხადს (ADB SPS 2009), ევროპის რესკონსტრუქციისა და განვოტარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის შესრულების მე-8 მოთხოვნას (EBRD PR 8) და საქართველოს კანონმდებლობას კულტურულ მემკვიდრეობაზე. პროექტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის მართვის გეგმა 2020 წლის თებერვალში უნდა ყოფილიყო მზად.


მეთოდოლოგია: ანგარიში მომზადდა რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე შესწავლილი იყო საპროექტო დოკუმენტაცია, ადგილობრივი მოსახლეობის წერილები და მედია პუბლიკაციები. მოეწყო რამდენიმე საველე გასვლა ხადის ხეობაში. 2020 წლის ივნისში, ჩატარდა 22 ჩაღრმავებული ინტერვიუ 22 ადგილობრივ მოსახლესთან (11 ქალი და 11 კაცი) ხადის ხეობისა და მის მიმდებარე სოფლებში: ბენიან-ბეგონი, წკერე, როსტიანთკარი, ბედონი, ჯაღმიანი, კაიშაური, ზაქათკარი და ქვეშეთი.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის პროექტი საქართველოში ჟინვალი-ლარსის ტრასის ახალი მონაკვეთის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ამ მონაკვეთის სრული ღირებულება 558 მილიონი აშშ დოლარია. აქედან: 415 მილიონი აშშ დოლარი ADB-ს მიერ და 60 მლნ აშშ დოლარი EBRD-ს მიერ გამოყოფილი სესხებია, ხოლო 83 მლნ აშშ დოლარი საქართველოს მთავრობის წილი. სესხის მიმღებია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. აღნიშნულ 23 კილომეტრზე პროექტით დაგეგმილია 5 გვირაბის მშენებლობა, რომელთა ჯამური სიგრძე 11.4 კმ-ს შეადგენს.