„ქვეყანა მონოკლონური ანტისხეულების მედიკამენტებს ელოდება" | რა შემთხვევაში გამოიყენება ის

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის ე.წ. მონოკლონური ანტისხეულების მედიკამენტების მარაგი შემოვა. მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს პროტოკოლის განახლების პროცესიც.

„გარდაცვალების შემთხვევა 42 იყო გასული 24 საათის განმავლობაში, რაც არის ძალიან საყურადღებო და ბოლო პერიოდში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კლინიკურ ჯგუფთან ახალი მედიკამენტების მობილიზებასთან დაკავშირებით, ასევე – პროტოკოლის განახლებასთან დაკავშირებით, რათა მასში აისახოს მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება და კიდევ სხვა მედიკამენტების, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა FDA-სა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით”, – განაცხადა გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რა შემთხვევაში გამოიყენება მონოკლონური ანტისხეულები:

„მონოკლონური ანტისხეულები გამოიყენება უფრო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში, თუმცა მასში, ვისაც აქვს პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი. მაგალითად,თანხლები დაავადება – ჭარბი წონა, დიაბეტი, რაიმე იმუნოკომპრომიტირებული დაავადება – ამ შემთხვევაში არის ნაჩვენები ამ პრეპარატის გამოყენება, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებშიც უკვე არის პროტოკოლი მათი გამოყენებისთვის. ვფიქრობ, ეს იქნება ის ჯგუფი, რომელსაც ჩვენც გამოვიყენებთ”, – ამბობს ის. 

როგორც გაბუნია ამბობს, პრაქტიკულად, დასრულებულია ცვლილებები პროტოკოლთან დაკავშირებით და სამინისტრო, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში განიხილავს ახალ ცვლილებას გაიდლაინების საბჭოს ფორმატში და მოხდება მისი აღიარება.

„თუმცა ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ახალი მედიკამენტების გამოყენება უკვე დაიწყოს, რადგან პროტოკოლები გაზიარებულია კლინიკური  ჯგუფის წევრებს შორის, ასევე ძირითად კლინიკებთან და მათ იციან ამ მედიკამენტების გამოყენება.

რა მედიკამენტებზეა საუბარია: საუბარია მონოკლონურ ანტისხეულებზე, რომელიც არის „როშეს” წარმოების და აღიარებულია ეს მედიკამენტები ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაც აქვს. საუბარია „ბარიციტინებზე”, ასევე Ellis-ის წარმოების მონოკლონურ ანტისხეულებზე, რომელთა მიღებასაც ჩვენ ველოდებით დონაციის სახით.

ასევე „ტოცილიზუბამის” კიდევ დამატებით მარაგზე, რომლის წარმოებაც დაიწყო ერთ-ერთმა ცნობილმა ინდურმა კომპანიამ Hetero-მ. მისგან შევისყიდეთ ჩვენ „ტოცილიზუბამის” ის რაოდენობა, რაც ქვეყანას დასჭირდება მომდევნო თვეების განმავლობაში. ამასაც ველოდებით ოქტომბრის ბოლომდე, ეს ყველა მედიკამენტი ეტაპობრივად შემოვა, ნაწილი დაიწყებს ამ კვირაში შემოსვლას, ნაწილი მომდევნო კვირების განმავლობაში.

კლინიკები მზადაა ამ მედიკამენტების გამოსაყენებლად მაშინვე, როგორც კი  პრეპარატები ქვეყანაში ჩამოვა. ამდენად, ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო დაეხმარება მათ, გააუმჯობესონ მართვის ხარისხი… ყველა მედიკამენტი დაიფარება პროგრამების ფარგლებში“, – განაცხადა გაბუნიამ.