რა იცის მდინარაძემ, ვინ რა საზღვარი გადმოკვეთა, ნახევარი საათის წინ გაიღვიძა - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღეა საქართველოშია.

„მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოშია – ეს ჩემი ინფორმაციაა, რა თქმა უნდა. თუ დამიბარებენ, შემიძლია მოვუყვე, რა გზებით შემოვიდა – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით… ისინი არ იცნობენ მიხეილ სააკაშვილს, ვინც ამას ამბობს და ახლა ხომ ხვდებით რა პანიკაში არიან, უბრალოდ უნდათ, რომ მოქალაქეებს დააჯერონ, რომ საქართველოში არ ჩამოსულა. როცა ამბობენ, რომ საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, რა იცის მდინარაძემ, ნახევარი საათის წინ გაიღვიძა, უკრაინაში ვინ რა საზღვარი გადმოკვეთა, საიდან წამოვიდა ან როდის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

დილის 9 საათისთვის ესპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც არაა საქართველოში ჩაწერილი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.