საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა

პუბლიკა

დღეს, 7 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა.

განხილვის მთავარი თემა „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები იყო.

დებატების ფარგლებში ევროპარლამენტარებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის, პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვისა და ქვეყნის ევროპული კურსისგან დაშორების გამო გააკრიტიკეს.

8 ოქტომბერს კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტსაც.

„პუბლიკა“ გთავაზობთ რამდენიმე ევროპარლამენტარისა და ევროკომისრის გამოსვლას.

რასა იუკნევიჩიენე, ლიეტუველი ევროპარლამენტარი

„ამბობენ, რომ საქართველო დაკარგული საქმეა. ამბობენ, შეეგუეთ ვითარებას, რეალისტები ვიყოთ. ბევრს ეგონა, რომ ჩვენ, ლიეტუველებიც, დაკარგული ვიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა. ქართველებს არ დაუკარგავთ იმედი. ხალხი კვლავ აპროტესტებს, უმრავლესობას კვლავ სურს ევროპული მომავალი. სწორედ ამიტომ არის ჩვენი დღევანდელი გზავნილი მათთვისაც მნიშვნელოვანი.

რეჟიმს სურს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა. მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, თბილისში ოფისები დაეხურათ. ის ციხეში სვამს ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობენ.

ეს ძალა არ არის, ეს შიშია. ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთის გზა აირჩია, რადგან ქართველი ხალხის ნებას უარს ეუბნება. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს რუსიფიკაცია დამარცხდება. რუსეთი არავისთვის არის მომავალი. უკრაინა კვლავ დგას და იბრძვის. სომხეთმაც გააკეთა თავისი არჩევანი, მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად.

ასე რომ, იმედი დაკარგული არ არის. სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ახლა. სანქციები ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია, აუცილებელია. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიცადონ. თავისუფლების სურვილი შიშზე ძლიერია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით უნდა ვიდგეთ“, – განაცხადა  რასა იუკნევიჩიენემ.

ტობიას კრემერი, გერმანელი ევროპარლამენტარი

„რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ აკრძალოს საკუთარის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია ქვეყანაში? რამდენად უნდა ეშინოდეს ხალხის, რომ გაუსწორდეს მშვიდობიან მომიტინგეებს, დააკავოს ჟურნალისტები და გამოიყენოს ქიმიური ნივთიერებები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ? მაგრამ სწორედ ამას ვუყურებთ ჩვენ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა აღორძინების რეჟიმშია გადასული, რომელიც აშორებს საქართველოს თავის ევროპულ მომავალს და აბრუნებს კრემლის ორბიტაზე და ცდილობს, ააშენოს საბჭოთა სტილის ერთპარტიული სახელმწიფო.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ერთი პრობლემა და ეს არის ის, რომ თავად ქართველებს არ უნდათ, რომ კვლავ „ჰომო სოვიეტიკუსებად“ იქცნენ. მათ არ სურთ, უბრალოდ თავი დახარონ და ხმა არ ამოიღონ. არა, ქართველებმა გემო გაუსინჯეს თავისუფლებას, მათ გემო გაუგეს ევროპას და ამ ორზე უარს არ იტყვიან.

სწორედ ამიტომ არც ჩვენ უნდა ვთქვათ უარი საქართველოზე, ამიტომ უნდა დავუდგეთ მხარში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი, ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს და ამიტომ უნდა გავისტუმროთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია – ჩვენი ისტორიის წიგნების ყველაზე ბნელ ფურცლებზე, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – თქვა მან.

მალგოჟეტა გოშევსკა:

„ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიას ანადგურებს საქართველოში და ქვეყანა რუსული სტილის დიქტატურისკენ მიყავს. მან მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო, დევნის ოპოზიციას და სურს ოპოზიციური პარტიები აკრძალვა.

ეს აღარაა პოლიტიკური კრიზისი, ეს ოლიგარქიული დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობაა და ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი მიხაილ სააკაშვილია – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძოდა, წინააღმდეგობას უწევდა რუსულ აგრესიას და ახლა დაპატიმრებულია იმ ხალხის მიერ, ვისაც საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა სურთ.

საშუალება მომეცით ხმამაღლა და ნათლად ვთქვა – დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პოლიტპატიმარი. საშუალება მომეცით ვთქვა – შევწყვიტოთ უბრალოდ დაგმობა, გადამწყვეტი და კოორდინირებული ქმედებების დრო მოვიდა ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ, ხალხის მთელი ქსელის წინააღმდეგ, ვინც უზრუნველყოფს რეპრესიების სისტემას.

საქართველოს ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი ადგილი ევროპაშია. ის არ ეკუთვნის ივანიშვილს. საქართველოს პუტინს არ დავუთმობთ,” – განაცხადა გოშევსკამ.

ჰელმუტ ბრანდშტეტერი, ავსტრიელი ევროპარლამენტარი

„ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა.

საქართველოს ოლიგარქი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს. ეს ადრეც გვინახავს — ბელარუსში, პუტინისადმი ლოიალურ დიქტატორებსა და რეჟიმებში, სადაც ხალხს მძევლად აქცევენ.

ორივე რეჟიმი აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, ორივე მოქმედებს მოსკოვის ბრძანებით, ორივე ანადგურებს საკუთარი ქვეყნების მომავალს. პუტინის მსგავსად, მათ უბრალოდ თავისუფლების ეშინიათ, მათ ეშინიათ სიტყვის თავისუფლების და ახლა, პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად, ისინი ასევე აძევებენ ევროპულ ფონდებს, მათ შორის კონრად ადენაუერის ფონდსა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდს.

ამ ორგანიზაციებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში. და ირონიულია, რომ ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ ორგანიზაციებში მუშაობდა და იქ სწავლობდა, რათა მოგვიანებით დემოკრატია გაენადგურებინა.

კოლეგებო, ქართველი ხალხი საერთოდ არ ჰგავს ამ რეჟიმს. ისინი ბოლომდე ევროპელები არიან, როგორც ჩვენ, და განუწყვეტლივ იბრძვიან თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის.

ამიტომ მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ეცემა. ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარია, თავისუფლად ივლის. ხოლო მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა, თავიანთი საქციელისთვის მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ.

და კიდევ ერთი წინადადება, ძალიან საინტერესო: ე.წ. პატრიოტები აქ არ არიან. როდესაც ჩვენ აქ თავისუფლებაზე, ერთიან ევროპასა და პუტინის დიქტატურებთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ისინი უბრალოდ აქ არ არიან — ვიცით, რატომაც.“

დანიუს ჟალიმასი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი

„აშშ, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირის ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოები უფრო შორს წავიდნენ ქართველი ხალხის რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირებაში.

ეს სხვაობა უნდა ავანაზღაუროთ. პირველ რიგში, მიზნობრივი სანქციები და სავიზო აკრძალვები უნდა შემოვიღოთ, მათ შორის და განსაკუთრებით მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უშვებენ. მეორე, საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა დამოკიდებული უნდა იყოს ხელშესახებ ნაბიჯებზე ამ კურსის შესაცვლელად, „ვენეციის კომისიის” რეკომენდაციების იმპლემენტაციაზე, რომლებიც საგზაო რუკაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური პლურალიზმის აღსადგენად.

მესამე, უნდა აღვკვეთოთ საპოლიციო აღჭურვილობის საქართველოსთვის მიყიდვა ან გადაცემა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას რეპრესიებისთვის. და ბოლოს, ევროპამ უნდა გააძლიეროს პირდაპირი მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, და ამავდროულად მათ გათავისუფლებას მოითხოვდეს, ვინც პოლიტიკური მოტივებით არის დაპატიმრებული,“ – განაცხადა ჟალიმასმა.

დევიდ მაკალისტერი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე

„ქვეყანა, რომელიც მხოლოდ სახელით არის კანდიდატი – ასე აღწერა კომისიამ საქართველო 2025 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას. სამწუხაროდ, თითქმის ერთი წლის შემდეგ, თბილისში მოქმედი რეჟიმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს შეფასება სწორი იყო.

ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

30 სექტემბერს კონრად ადენაუერის ფონდი და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი იძულებული გახდნენ, ოფისები დაეხურათ უცხოური გრანტების შესახებ ახალი რეგულაციის გამო. ეს რეგულაცია საერთაშორისო დაფინანსებაზე სახელმწიფოს ფართომასშტაბიან კონტროლს აწესებს და ზოგიერთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

ორივე ფონდი ათწლეულების განმავლობაში გამოირჩეოდა პოლიტიკური განათლების, დემოკრატიული პლურალიზმისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით შეტანილი წვლილით.

ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვიდგეთ, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპული ინტეგრაციის მიზანს“, – თქვა მან.

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი

„ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო კვლავ შორდება დემოკრატიულ ნორმებსა და იმ ევროპულ გზას, რომელიც ხალხმა აირჩია.

რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სისტემური შეტევა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ფუნდამენტურ უფლებებზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და კანონის უზენაესობაზე.

„ქართული ოცნების“ პარლამენტარების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით 2028 წლის არჩევნებამდე შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი ამ პროცესის ნაწილია.

ასეთი ქმედებები დემოკრატიას გულში ურტყამს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას აზიანებს.

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბი უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. ეს ნათლად იყო ასახული კომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში.

იმის ნაცვლად, რომ რეფორმები განახორციელონ და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით იმოძრაონ, საქართველოს ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც კანონის უზენაესობას ძირს უთხრის და სამოქალაქო სივრცეს ავიწროებს.

ისინი აგრძელებენ ანტიევროპულ რიტორიკასა და დეზინფორმაციას, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეებს შორის ევროკავშირის სანდოობის შესუსტებაა.

პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ქართველი ხალხი დიდი ხანია ისწრაფვის, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ კვლავ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით არსებული გამოწვევების წინაშე.

და ამ გამოწვევების საპასუხოდ ევროკავშირმაც გადადგა ნაბიჯები. ჩვენ შევამცირეთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები, შევაჩერეთ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებული ორგანოების შეხვედრები და შევწყვიტეთ ის დახმარება, რომელიც პირდაპირ ხელისუფლებას სარგებელს მოუტანდა.

2026 წლის მარტში ჩვენ შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. ამავდროულად, ჩვენ მტკიცედ ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო პოლიტიკა, გადახედოს ანტიდემოკრატიულ კანონმდებლობას და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ყველა პოლიტიკურ აქტორთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდეს, რათა ნდობა აღდგეს.

ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც ურთიერთპატივისცემას დაეფუძნება, რათა ჩვენს ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავალი ვიპოვოთ.

ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული ევროპული მისწრაფებების გვერდით დგას“, – თქვა ევროკომისარმა ჯესიკა როსვოლმა დებატების მიმდინარეობისას.

კშტიტოფ ბრეიზა:

„მკაფიოდ უნდა ითქვას: „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“. პაპუაშვილს და სხვებს საბჭოთა დროში დაბრუნება სურთ. მათ სურთ, მთელი საქართველო DeLorean-ში მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რადგან პოლიტიკური პარტიები იკრძალება. რაც შეეხება სასამართლო სისტემას – ეს ისეთი რამაა, რასაც კომუნისტებიც კი შეშურდებოდათ. ეს რეკონსტრუქციის ჯგუფი უნდა დაიშალოს, რადგან საქართველო თავისუფალი ერია, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ევროპული ერი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი რეჟიმის დაცემა მაშინ იწყება, როდესაც თავისუფალი სამყარო ხალხს ნათლად აჩვენებს, რომ მოქმედების დროა. დროა, სანქციები დაუწესდეს იმ „მწვანე“ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ“.

რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა გერმანულმა მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა თომას ფროლიხმა.

„თქვენ უფრო მეტი ორმაგი სტანდარტი ვეღარ გექნებათ. თქვენ შეშფოთებული ხართ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვით, მაგრამ რატომ გინდათ AfD-ის აკრძალვა? ვერ ხედავთ აქ ინტელექტუალურ დონეზე არსებულ წინააღმდეგობას?

ამ ყველაფრის შედეგად თქვენ სანდოობის დეფიციტი გაქვთ. შერჩევითი აღშფოთება. როდესაც უკრაინაში 20 პარტია აიკრძალა, ამაზე არავის უზრუნია. არა, თქვენ ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ. ადამიანის უფლებების ეს იდეა შერჩევითი გზით გამოიყენება, შერჩევითი მორალი მოქმედებს და ეს ნამდვილად ძირს უთხრის საერთაშორისო დონეზე თქვენს სანდოობას, სწორედ ეს იწვევს იმას, რომ ჩვენ გავლენას ვკარგავთ.

რა არის პრობლემა საქართველოსთან? ის, რომ ქვეყანა 8%-იანი ეკონომიკური ზრდით ვითარდება? ეს ჩვენთვის საოცნებო მაჩვენებელი იქნებოდა. „კარგი მმართველობის ინდექსი“ მას ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ზემოთაც კი აყენებს. რაც შეეხება კანონის უზენაესობას, World Justice Project-ის რეიტინგში საქართველო ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა.

მაშ, რეალურად რაზე ვსაუბრობთ? ეს დემოკრატიაზე არ არის, ეს არის იმაზე, რომ საქართველომ უარი თქვა Woke სისულელეებზე და ლგბტქ პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერთვება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს, შემდეგი უკრაინა გახდეს.

ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავიაზროთ. ეს უფრო პატარა ქვეყანაა. ის გარშემორტყმულია რუსეთით, ირანითა და თურქეთით და საქართველო იძულებულია, სხვაგვარად იმოქმედოს. ეს უნდა გვესმოდეს და საქართველო ჩვენთვის პარტნიორად, აზიისკენ ხიდად უნდა მივიჩნიოთ.

ეს არის რეალობა. საქართველოსთან დაპირისპირება უბრალოდ არ არის ჩვენს ინტერესში“.

თომას ფროლიხს უპასუხა ევროპარლამენტარმა დავორ ივო შტიერიმა:

„სულ ახლახან, ულტრამემარცხენეებთან გამართულ დებატებში მოვისმინეთ, რომ თქვენ ორმაგ სტანდარტს იყენებთ, ახლა კი იგივე პრეტენზია ან კრიტიკა ულტრამემარჯვენეებისგანაც გვესმის.

ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების უპატივცემულობაში არაფერია ქრისტიანული.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვაში არაფერია ქრისტიანული. რასაც საქართველოში ვხედავთ, ეს ქრისტიანული იდენტობის დაცვა არ არის — რასაც საქართველოში ვხედავთ, ეს სუფთა ავტოკრატიაა.

ამიტომ ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლა ევროპული რიტორიკის გამოყენებით შეძლო, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ის ზუსტად საპირისპირო მიმართულებით წავიდა.

და როდესაც კანდიდატ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, მათ ძალიან კარგად უნდა დავაკვირდეთ“, – თქვა მან.


ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს შესახებ ერთობლივი რეზოლუციის პროექტით „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას გმობს და ხელისუფლებისგან მათი წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას მოითხოვს.

რეზოლუციის პროექტი 7 ოქტომბერს, საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებამდე გამოქვეყნდა. დოკუმენტის კენჭისყრა ევროპარლამენტში 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

დოკუმენტს ხელს აწერენ ევროპის სახალხო პარტიის (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D), ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR), „რინიუ ევროპისა“ (Renew) და მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსის (Greens/EFA) წარმომადგენლები.