ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ დროისთვის გადამოწმებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, დაახლოებით, 80 000 ოჯახი და შემწეობის მიღება შეუწყდა 35 000-მდე ოჯახს.
მინისტრის განცხადებით, „უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არის გაუმჯობესებული“.
„გადამოწმდა არა მხოლოდ 65 000[ოჯახი], არამედ გავცდით ამ რიცხვს და 80 000-ს ოჯახს აღწევს. როდესაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, რეგისტრირებული იყო 184 000 ოჯახი, ვინც შემწეობის მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო.
იცვლება, გარკვეული ქულების გადათამაშება ხდება. გადათამაშებაში იგულისხმება ის, რომ თუკი ამ დრომდე შეიძლება ვინმეს მაღალი ქულა ჰქონდეს, შემოწმების შედეგად შეიძლება დაბალი დაუფიქსირდეს ან პირიქით. სხვადასხვა ფაქტორებია. საკმაოდ რთული შეფასებაა თითოეული ოჯახის და რა თქმა უნდა, იქ არის მკაფიო კრიტერიუმები და არითმეტიკული სიზუსტით ხდება ამ ოჯახების მდგომარეობის შეფასება.
რაც შეეხება დაზოგილ თანხებს, ეს არ არის შემოწმების ერთადერთი პროცესი, ეს ბაზა აბსოლუტურად ცოცხალია, მუდმივად ცვალებადია და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვიღაც ახალი ემატება, ვიღაც გადის ამ ბაზიდან, ზუსტ რიცხვებზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული მლნ ლარზეა ლაპარაკი, რომელიც დაიზოგება, მას შემდეგ, რაც ბაზა გასწორდება. ამ ეტაპზე, გვაქვს ამის გადაჭრით თქმის შესაძლებლობა. დაახლოებით, 30 000-ზე მეტი, 35 000-მდე არის რიცხვი ოჯახების, რომლებსაც შეუწყდათ საარსებო შემწეობის მიღება, იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა საბედნიეროდ არის გაუმჯობესებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.
11 აგვისტოს ამავე თემაზე საუბრისას მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ოჯახების შემოწმების ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის ემზადებიან.
ის განმარტავს, რომ არსებული მეთოდოლოგია სხვადასხვა კრიტერიუმისგან შედგება და შემწეობების მოხსნა-დანიშვნა მხოლოდ „ტელევიზორის ან მაცივრის ქონის გამო“ არ ხდება.
მისი თქმით, შესაძლოა, შემოწმებას მოჰყვეს გადაცდომა, შემდეგ კი გადაწყვეტილება გადაიხედოს, თუმცა შეცდომის ალბათობა დიდი არაა.
სარჯველაძე ამბობს, რომ ოჯახების შემოწმების მეთოდოლოგია პერიოდულად გადაიხედება და ფიქრობენ, რომ წლის ბოლოს ახალი მეთოდოლოგიაც იქნება მზად.