ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების შესამოწმებლად ახალი მეთოდოლოგია შემუშავდება.
სარჯველაძე სოცდაუცველთა ბაზების შემოწმების შესახებ საუბრისას განმარტავს, რომ ოჯახების შესაფასებლად არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმისგან შედგება და შემწეობების მოხსნა-დანიშვნა მხოლოდ „ტელევიზორის ან მაცივრის ქონის გამო“ არ ხდება.
მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ამ დროისათვის 70 000-მდე ოჯახია შემოწმებული და მათგან ბევრს დაუგროვდა იმდენი ქულა, რომ შემწეობის კრიტერიუმს აღარ აკმაყოფილებს.
სარჯველაძე ამბობს, რომ შესაძლოა, შემოწმებას მოჰყვეს გადაცდომა, შემდეგ კი გადაწყვეტილება გადაიხედოს, თუმცა შეცდომის ალბათობა დიდი არაა.
მინისტრის თქმით, ოჯახების შემოწმების მეთოდოლოგია პერიოდულად გადაიხედება და ფიქრობენ, რომ წლის ბოლოს ახალი მეთოდოლოგიაც იქნება მზად.
„რაც შეეხება შეწყვეტილ საარსებო შემწეობას, მე არ მგონია, რომ შემოწმებისა და შეფასების არსებული ინსტრუმენტები საერთოდ შემოსავლის არმქონე ოჯახისთვის შეიძლება ითვალისწინებდეს ქულის შეწყვეტას. თუ სადმე რაიმე მსგავსი ინციდენტია, რომელიც გადახედვას საჭიროებს, ბუნებრივია, სააგენტო აბსოლუტურად მზად არის, ეს საკითხები განიხილოს და იმსჯელოს.
მეთოდოლოგია პერიოდულად აუცილებლად ექვემდებარება გადახედვას. ამ მეთოდოლოგიის გადახედვაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ ვფიქრობთ და ვვარაუდობთ, რომ ამ წლის ბოლოსთვის მზად ვიქნებით, ახალი მეთოდოლოგიაც ვიქონიოთ და, ბუნებრივია, ამ ახალი, განახლებული კრიტერიუმების საშუალებითაც გაგრძელდება მუშაობა.
ყოველ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ დრომდე კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით ხორციელდებოდა ეს პროცესი. ეს, ბუნებრივია, ასეც გაგრძელდება.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ: თუკი რომელიმე შემთხვევაში ვინმე მიიჩნევს, რომ მას არასწორად მოეხსნა ასეთი შემწეობა, ბუნებრივია, მას უფლება აქვს, წარადგინოს საჩივარიც და სრული ყურადღებით გადამოწმდება ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროცესში ვნახეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმითვე, რეკომენდაციაა, რომ სოცდაუცველთა ოჯახები 4 წელიწადში ერთხელ გადამოწმდნენ, რაც არ სრულდება.
ის ამბობს, რომ გადამოწმებისას ხანდახან ვლინდება, რომ ოჯახები არასრულფასოვნად იყო შესწავლილი შემწეობის დანიშვნისას ან ამ ოჯახების მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„როდესაც გადამოწმება ხდება, [აღმოჩნდება] ოჯახების მდგომარეობა ან მაშინ იყო არასრულფასოვნად შესწავლილი, როდესაც დაინიშნა, ან ამჟამად არის გაუმჯობესებული მდგომარეობა. ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს, იცვლებოდეს ოჯახების მდგომარეობა და უმრავლესობა შემთხვევაში შესაძლოა, ასეც ყოფილიყო.
რა შემთხვევაში შეიძლებოდა, არასწორად ჰქონოდა მინიჭებული ქულა – იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ოჯახი რამეს დამალავდა, ან რეალურად ვერ აღირიცხებოდა რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ასეთ მოქმედებებს შეიძლება ჰქონოდა ადგილი, შეიძლება თეორიულად ეს იყოს მიზეზი.
სტატიკურად, დღეს ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით კონკრეტული ქულების რაოდენობა, რომელიც გროვდება, განაპირობებს უფლებას საარსებო შემწეობაზე, ან მის დაკარგვას“, – განაცხადა სარჯველაძემ.