ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესის ფარგლებში ახალი მექანიზმების შემოღებას გეგმავს, რათა მომავალში წევრ ქვეყნებში დემოკრატიული ღირებულებების დარღვევისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებების ბლოკირების შემთხვევაში უფრო სწრაფი რეაგირება შეძლოს.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის 15-წლიანი გარდამავალი პერიოდის დაწესება იგეგმება. აღნიშნული წინადადება გათვალისწინებულია გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვის პაკეტშიც, რომელიც ევროკომისიამ 6 ოქტომბერს დაამტკიცა.
ამ პერიოდის განმავლობაში, ახალი წევრი ქვეყნის მიერ „ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების, კანონის უზენაესობის ან ევროკავშირისადმი ერთგულებისა და გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლოა, ამოქმედდეს სანქციები, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერება ან ევროკავშირის დაფინანსების შემცირება/გაყინვა.
მარტა კოსის თქმით, ევროკავშირს სჭირდება უფრო სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ახალი წევრი ქვეყანა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მოქმედებას დაიწყებს.
„ჩვენ ვთავაზობთ 15-წლიან გარდამავალ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც შევძლებთ უფრო სწრაფად მოქმედებას, ვიდრე ამას ამჟამად მე-7 მუხლი გვაძლევს საშუალებას“, – განაცხადა მარტა კოსმა 7 ოქტომბერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
დღეს ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლი წევრი ქვეყნისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დემოკრატიულ ღირებულებებს „სერიოზულად და მუდმივად“ არღვევს. თუმცა ეს მექანიზმი, რომელსაც ხშირად „ბირთვულ ვარიანტად“ მოიხსენიებენ, პრაქტიკაში არასდროს ამოქმედებულა.
კოსის განცხადებით, ახალი წესების მიხედვით, დემოკრატიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირებისთვის საჭირო ზღვარი უფრო დაბალი იქნება. ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც ევროკავშირის გაფართოების მიმართ სკეპტიციზმი არსებობს.
ამასთან, ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ახალი მექანიზმი დროებითი იქნება. კოსის თქმით, მისი განუსაზღვრელი ვადით მოქმედებამ შესაძლოა ევროკავშირის წევრების „პირველ და მეორე კლასად“ დაყოფის საფრთხე შექმნას.
ევროკომისიის მიერ 6 ოქტომბერს დამტკიცებული გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვის პაკეტი ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის ბლოკის მმართველობის, პოლიტიკისა და ბიუჯეტის მომზადებას ითვალისწინებს.
ევროკომისიის განცხადებით, პაკეტის მიზანია ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პოლიტიკის ადაპტირება უფრო დიდი კავშირის საჭიროებებთან, ასევე ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის გაძლიერება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა.
„ევროპის მომავალი დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რომელსაც დღეს ვაკეთებთ. ჩვენი კავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით იმას, რომ უფრო დიდი კავშირი ასევე უფრო ძლიერი იყოს – უფრო მდგრადი, ეფექტიანი და მყარად დაფუძნებული იმ ღირებულებებსა და წესებზე, რომლებიც გვაერთიანებს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა მოამზადოს საკუთარი ინსტიტუტები, მოარგოს პოლიტიკა ახალ რეალობას და უზრუნველყოს, რომ ბიუჯეტი ევროკავშირის საერთო მიზნებს შეესაბამებოდეს.
ევროკომისიის პაკეტი ასევე ითვალისწინებს მომავალ გაწევრების ხელშეკრულებებში დამატებითი დამცავი მექანიზმების შეტანას. მათ შორისაა უფრო ძლიერი სექტორული დაცვის მექანიზმები და ახალი ინსტიტუციური დამცავი მუხლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირში გაწევრების შემდეგაც თანმიმდევრულად და სრულად შესრულდება.
მიზანია, ევროკავშირში გაწევრების შემდეგაც გაგრძელდეს იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც კანდიდატმა ქვეყანამ გაწევრების მოლაპარაკებების ფარგლებში აიღო.
ევროკომისიის წინადადებით, გარკვეულ სფეროებში დამცავი მექანიზმების ამოქმედება გაწევრების შემდეგ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. მათ შორისაა ეკონომიკა, შიდა ბაზარი, მართლმსაჯულება და შიდა საქმეები.
ყველაზე მძიმე შემთხვევებში შესაძლო ზომებს შორის ევროკავშირის საბჭოში ახალი წევრი ქვეყნისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერებაც განიხილება. ასევე შესაძლებელია დროებითი ზომების გამოყენება მუშახელისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებაზე, სოფლის მეურნეობაზე, დაფინანსებასა და საერთო სისტემებში მონაწილეობაზე.
მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის შეფასებით, ბლოკს უფრო მეტი წევრის მიღება არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში შეუძლია, თუმცა არსებობს სფეროები, სადაც დამატებითი ზომებია საჭირო.
„ერთ-ერთი ასეთი სფეროა კანონის უზენაესობა და გულწრფელი თანამშრომლობა, სადაც ჩვენ უფრო ძლიერი შესაძლებლობების შექმნას ვთავაზობთ უკუსვლის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის დაფინანსების შემცირებისა და ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის გზით“, – განაცხადა მარტა კოსმა.
პაკეტი ასევე ითვალისწინებს კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ეტაპობრივ ინტეგრაციას სრულ წევრობამდე.
ევროკომისია გეგმავს, განსაზღვროს სტრატეგიული სფეროები, რომლებშიც კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირის პოლიტიკებში უფრო ადრე მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. მათ შორის სახელდება ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ციფრული სფერო და თავდაცვა.
ეს პროცესი მიღწეულ პროგრესზე იქნება დამოკიდებული და საჭიროების შემთხვევაში მისი შეჩერებაც შესაძლებელი იქნება. ევროკომისიის განცხადებით, ეტაპობრივმა ინტეგრაციამ კანდიდატ ქვეყნებში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, წევრობისთვის მომზადებას და მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის კონკრეტული სარგებლის შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.
ევროკომისიის გეგმები ევროკავშირის გაფართოების პროცესის გააქტიურებას უკავშირდება. ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის მოწინავე კანდიდატებად მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა მიიჩნევიან.
ევროკომისია გეგმავს, ამ ქვეყნებისთვის 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში სამოქლედო გზამკვლევები წარადგინოს, თუ ისინი რეფორმების განხორციელების ტემპს შეინარჩუნებენ.
ევროკავშირის გაფართოების საკითხმა განსაკუთრებული აქტუალურობა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიძინა. უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადები რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში შეიტანეს. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა საქართველომაც და ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაწევრებაზე მოლაპარაკებებს აჩერებს.
ევროკავშირის ახალი წევრების მიღებას მოქმედი 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. ამასთან, ევროკავშირის გაფართოების მიმართ რამდენიმე წევრ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და ჩეხეთში, სკეპტიციზმი არსებობს.
მიუხედავად ამისა, მარტა კოსი მიიჩნევს, რომ გაფართოება პოლიტიკურად შესაძლებელი და აუცილებელია. მისი თქმით, ევროკავშირის წინაშე აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ ბალკანეთში გავლენისთვის კონკურენცია მიმდინარეობს, სადაც რუსეთი და ჩინეთი აქტიურად ცდილობენ პოზიციების გაძლიერებას.
„თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი სამეზობლოს ინტეგრირებას, ვიღაც სხვა მოვა და მათ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს“, – განაცხადა კოსმა.
ევროკომისარი რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ზრდაზეც საუბრობს. მისი თქმით, რუსეთმა მილიონობით ევრო დახარჯა იმისთვის, რომ ქვეყნებს ევროპული გზის არჩევაში ხელი შეშლოდათ, მათ შორის მოლდოვასა და სომხეთში. ჩინეთი კი, კოსის შეფასებით, ეკონომიკურ გავლენასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად იყენებს.
ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ახალი წესების ამოქმედებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეთანხმება დასჭირდება.
რაც შეეხება საქართველოს, კოსმა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე მხოლოდ ფორმალურად, „ქაღალდზე არსებობს“ და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზა რეალური რეფორმების განხორციელებასა და ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული.