რა უნდა გაუმჯობესდეს ეფექტური შრომის ინსპექციისთვის - „ღირსეული შრომის პლატფორმის" ხედვა

პუბლიკა

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დაინერგოს შრომის პირობებისა და უსაფრთხოების შემოწმების ისეთი მექანიზმები, რომლების ინსპექციის საქმიანობას უფრო ეფექტურსა და სანდოს გახდის”, – „ღირსეული შრომის პლატფორმამ” გაანალიზა ის გამოცდილება, რაც პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს შრომის ინსპექციის მუშაობასთან დაკავშირებით დაუგროვდათ.

მათ მიერ მომზადებული ანგარიშის მიზანი იყო, შეეფასებინა რამდენად ეფექტურად იმუშავა შრომის ინსპექციის მექანიზმმა, რამდენად წარმოადგენს ის შრომის უფლებების დარღვევის აღმოფხვრის ეფექტურ ინსტრუმენტს, ასევე, რამდენად იწვევს ნდობას და რა კონკრეტული გამოწვევები აქვს ამ მიმართულებით.

ინსპექციის უფრო ეფექტური საქმიანობისთვის, პლატფორმას მიაჩნია, რომ საჭიროა: დამრღვევთა მიმართ გონივრული და სწრაფი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრება, რეინსპექტირებების აქტიურად განხორციელება და შესამოწმებელი საწარმოების სპეციფიკის სიღრმისეულად შესწავლა, ინსპექტირების პროცესში საწარმოებისა და დასაქმების ადგილების სპეციფიკის სრულად გათვალისწინება.

კვლევიდან გთავაზობთ ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს. სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე;

შრომის ინსპექციის მიმართ ნდობაზე მოქმედი ფაქტორები:

• საჩივრის დაფიქსირების კანონით განსაზღვრული ფორმა, რომელიც დარღვევის შეტყობინებას მხოლოდ განმცხადებლის ან დასაქმებულის იდენტიფიცირების საფუძველზე მოიაზრებს, დასაქმებულებს ინსპექციაში მიმართვის ბარიერებს უქმნის;

• ინსპექტირების პროცესში გამოყენებული კონფიდენციალობის დაცვის მექანიზმები არ არის საკმარისი პროცესში მონაწილე დასაქმებულთა დასაცავად. კვლევის განმავლობაში გამოვლინდა ინსპექტირების პროცესის შემდგომ დასაქმებულთა იდენტობის გამჟღავნების შემთხვევები;

• დასაქმებულთა ნაწილს არ მიუღია ცხადი ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვის საკანონმდებლო გარანტიებთან დაკავშირებით;

• გამოკითხულ რესპოდენტებს აქვთ განცდა, რომ ინსპექციასთან საკონტაქტო პირი უფრო მეტად დამსაქმებელია, ვიდრე დასაქმებული.

შრომის ინსპექტირების ეფექტურობაზე მოქმედი ფაქტორები:

• მცირეა შრომის კოდექსის საფუძველზე გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად ჩატარებული რეინსპექტირებათა რაოდენობა;

• ინსპექციის მიერ დარღვევის გამოსასწორებლად დაფიქსირებული ვადა, როგორც წესი, შაბლონურადაა დადგენილი და დარღვევის შინაარსთან ლოგიკური მიმართება ხშირ შემთხვევაში არ აქვს;

• ინსპექტირების განხორციელებისას, ინსპექტორის მიერ დასმული კითხვები ყოველთვის არ შეესაბამება სამუშაო ადგილის სპეციფიკას, ასევე სამუშაო ადგილზე არსებულ მძიმე მდგომარეობასა და დარღვევებს.

რეკომენდაციები:

შრომის ინსპექციის მიმართ ნდობის განმსაზღვრელი ფაქტორები:

• საქართველოში დამსაქმებელთა მხრიდან უფლებების დარღვევის ფართო მასშტაბის39 გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დასაქმებულთათვის საჩივრის დაფიქსირების სანდო და მოქნილი ფორმატების დანერგვა.

• ინსპექტირების პროცესში აუცილებელია ინსპექციის მიერ მონაწილე დასაქმებულთა დაცვის იმგვარი მექანიზმების დანერგვა და გამოყენება, რომლებიც, ინსპექტორის გარდა, დამსაქმებელსაც შებოჭავს. ინსპექტირების პროცესის სანდოობის უზრუნველსაყოფად ასევე მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც – პროცესში მონაწილე დასაქმებულის დაცვის მექანიზმების გამოყენების მიუხედავად დასაქმებულის ვინაობის იდენტიფიცირების შემთხვევაშიც კი – მას სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, დაცვის გარანტიებს შეუქმნის, თავიდან ააცილებს დამ საქმებლის მხრიდან არასათანადო მოპყრობას.

• აუცილებელია, დასაქმებულებთან გასაუბრება მკაცრი კონფიდენციალობის, დასაქმებულთათვის სანდო და დაცული სივრცის პირობებში ჩატარდეს. აღნიშნული სივრცე მკაცრად უნდა იყოს დაცული დამსაქმებლის ან დამსაქმებლის წარმომადგენელთა დასწრებისგან.

• მნიშვნელოვანია კონფიდენციალობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ვალდებულებებისა და დასაქმებულთა უფლებების მკაფიოდ და ზუსტად განმარტების ვალდებულების შესრულება ინსპექციის მიერ.

• მნიშვნელოვანია, რომ ინსპექციამ გაამახვილოს ყურადღება ინსპექტირების პროცესში დასაქმებულთა ინტერესების საფუძვლიანად (დამსაქმებლის ინტერესებზე არანაკლებ) წარმოდგენის მექანიზმების დანერგვასა და გამოყენებაზე, ასევე, დამსაქმებლის მიმართ კრიტიკული დასაქმებულების, ან პროფკავშირული გაერთიანების წევრი დასაქმებულების სავალდებულო გამოკითხვის მექანიზმების დანერგვაზე.

შრომის ინსპექტირების ეფექტურობაზე მოქმედი ფაქტორები:

• უმნიშვნელოვანესია ინსპექციის საქმიანობისას შრომითი ნორმების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ რეინსპექტირებათა რაოდენობების არსებითი გაზრდა, რეინსპექტირებებისთვის განსაზღვრული ვადების ზედმიწევნით დაცვა და, ამ გზით, დამრღვევ დამსაქმებელთა პასუხისმგებლობისთვის რეალური შინაარსის მინიჭება.

• რეინსპექტირებათა რეალური მასშტაბის ობიექტურად გასაზომად მნიშვნელოვანია მოწოდებულ საჯარო ინფორმაციასა და ინსპექციის ანგარიშებში პირველადი და შემდგომი რეინსპექტირებების ოდენობების გამიჯვნა; ასევე საჭიროა სპეციფიკური დარგების და სპეფიციკური რეგულაციების შემოწმებათა მკაფიოდ გაიმიჯვნა შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შემოწმებებისაგან.

• ისეთი იდენტიფიცირებული დარღვევების გამოსასწორებლად საჭირო ვადების დასადგენად, რომელთა დაცვა დროით პერიოდთან არაა დაკავშირებული და დამსაქმებლის ვალდებულებას იმთავითვე, კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობს, ინსპექციამ უნდა იხელმძღვანელოს დასაქმებულის ინტერესით და მასთან მოლაპარაკებით შეიმუშავოს დარღვევის დაუყოვნებლივ, აღმოჩენისთანავე აღმოფხვრის სათანადო მექანიზმები.

• იმ შემთხვევებში, როდესაც დარღვევის გამოსასწორებლად ობიექტურად საჭიროა გარკვეული ვადა, ინსპექციამ აღნიშნული ვადა მხარეებთან რეალური კონსულტაციის შედეგად, დარღვევის შინაარსისა და სიმძიმის მიხედვით უნდა დაადგინოს.

• უმნიშვნელოვანესია, რომ შრომის ინსპექციამ საფუძვლიანად შეისწავლოს იმ სფეროს თუ სტრუქტურის მუშაობის სპეციფიკა, რომლის ინსპექტირებასაც აპირებს, გაეცნოს შესამოწმებელ ობიექტზე საჯაროდ გავრცელებულ წყაროებსა და ინფორმაციას, და ამ ცოდნის საფუძველზე შეიმუშაოს ინდივიდუალური ტიპის კითხვარი.


მეთოდოლოგია: კვლევა თვისებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა. სიღრმისეული ინტერვიუები წინასწარ შემუშავებული გზამკვლევის მიხედვით ჩატარდა „ღირსეული შრომის პლატფორმის“ წევრ ორგანიზაციებთან და ალტერნატიულ პროფკავშირებთან, რომელთა წარმომადგენლებს უშუალოდ ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა ინსპექტირების პროცესებში წევრი დასაქმებულებისა თუ ბენეფიციარების წარმომადგენლობის გზით; გზამკვლევში ღია კითხვების ფორმატით ინტეგრირდა კვლევის მიზანთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო დასაქმებულებს შორის შრომის ინსპექციის მიმართ არსებულ ნდობასა და მასზე მოქმედ ფაქტორებთან, ასევე შრომის ინსპექციის ეფექტურობასთან – შრომითი დარღვევების აღმოფხვრის კუთხით.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ანგარიში ძირითადად მომზადებულია „ღირსეული შრომის პლატფორმაში“ შემავალი ორგანიზაციებისა და ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენლების (და შესაბამისად მათი ბენეფიციარების და წევრი დასაქმებულების წარმომადგენლების) მოსაზრებების საფუძველზე. ამდენად, ანგარიშის მიზანია შრომის ინსპექციასთან კავშირში მყოფი, წევრი ორგანიზაციების გამოცდილებების ანალიზი და არა შრომის ინსპექციის საქმიანობის შეფასების განზოგადება, ან ინსპექციის სრული საქმიანობის ყოველმხრივი შეფასება. დოკუმენტი ძირითადად ლიმიტირებულია პლატფორმის წევრთა, როგორც წევრი ან ბენეფიციარი დასაქმებულების წარმომადგენელთა, გამოცდილებების თავმოყრით, გაერთიანებითა და ანალიზით.