რა უნდა შეიცვალოს ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას - TI პარლამენტს მიმართავს

პუბლიკა

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის შევსების სრულყოფის მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ (TI) პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.

მათი თქმით, დღეს მოქმედ სისტემას რიგი გამოწვევები აქვს, რის გამოც საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასა და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად.

„2021 და 2022 წლების მონაცემების მიხედვით, საქართველოში სულ მცირე ყოველი მეორე დეკლარაცია დარღვევებით არის შევსებული. დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან ისეთი პირები, რომელთა თანამდებობებიც ინტერესთა კონფლიქტის, პოტენციური კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებულ რისკს შეიცავს“, – აღნიშნულია TI-ს განცხადებაში.

წინადადების ავტორების თქმით, მათ მიერ მომზადებული ცვლილები გულისხმობს დეკლარაციების მონიტორინგის გაუმჯობესებას, დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას, რომლებმაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები უნდა შეავსონ.

განცხადებაში მოცემულია, თუ რა ძირითადი ცვლილებებია გათვალისწინებული საკანონმდებლო წინადადებით:

  • გაიზრდება იმ თანამდებობის პირთა წრე, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალებათ. მათ შორის დეკლარაციის შევსების ვალდებულება ექნებათ: ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლებს, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, იმ საწარმოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, რომლის აქციათა ან წილის 50 და მეტ პროცენტს ფლობს სახელმწიფო ორგანო და ა.შ.; 
  • გაიზრდება დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხა – თანამდებობის პირი ვალდებული იქნება შეიტანოს ინფორმაცია სრულწლოვანი შვილის ქონების და შემოსავლის შესახებ, ასევე კრიპტოვალუტისა და საბოლოო (ბენეფიციარი) მესაკუთრეობის შესახებ;
  • გაუმჯობესდება დეკლარაციების მონიტორინგის რეგულაციები – იზრდება გამჭვირვალობის ხარისხი, მაგალითად: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) თანამდებობის პირების დეკლარაციები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება; დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველი ხდება მასმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია და ანონიმური განცხადებაც; მონიტორინგისათვის დეკლარაციების შემრჩევ დამოუკიდებელ კომისიაში მონაწილეობა გამომძიებელი ჟურნალისტებისთვისაც იქნება შესაძლებელი. 

ორგანიზაციის განცხადებაში საუბარია, რომ საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების მიღებითა და მათი პრაქტიკაში ამოქმედებით გაუმჯობესდება თანამდებობის პირთა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების ხარისხი.