რა წერია საკანონმდებლო წინადადებაში ლგბტ მარშებისა და ფერადი სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ 

პუბლიკა

დღეს, 4 აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტს გადასცა საკანონმდებლო წინადადება ლგბტ მარშების და ფერადი სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ.

წინადადება პარლამენტის საიტზე უკვე გამოქვეყნდა.

ის „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „მშვიდობის ფორუმს“ ეკუთვნის.

მასში ნათქვამია:

„გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ კანონი, საქართველოში ლგბტ ე.წ. მარშების აკრძალვის შესახებ. ასევე, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აკრძალული უნდა იყოს კანონით, ფერადოვანი ლგბტ ჭინჭები“.

წინადადებაში სხვა არაფერი წერია.

ორგანიზაცია „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „მშვიდობის ფორუმს“ ეკუთვნის. თავის მხრივ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დოდო გუგეშაშვილია.

დოდო გუგეშაშვილი გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონის“ ერთ-ერთი მეთაური იყო.

“მხედრიონმა” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პუტჩში. “მხედრიონელები” იბრძოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

მისით სარგებლობის უფლება ყველას აქვს, ანუ, მათ შორის, ნებისმიერ მოქალაქეს ან გაერთიანებას შეუძლია, ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს და პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად იქცევა კანონად. 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის, მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით.

ის უნდა შეიცავდეს დასაბუთებასაც.

პარლამენტის ბიურო რეგლამენტით ვალდებულია, საკანონმდებლო წინადადება წამყვან კომიტეტს გადასცეს, რომელიც მას მისთვის გადაცემიდან 30 დღეში განიხილავს და გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მას. 

დღეს „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ 2 მოწვევის პარლამენტში 700-მდე საკანონმდებლო წინადადება შევიდა და მათგან მხოლოდ 9 იქცა კანონად.