მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

პუბლიკა

„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს – მათ ხელბორკილები პარტიის ოფისთან დაადეს.

„ცეცხლი ოლიგარქიას, ბიძინას რუსული რეჟიმი მალე დაემხობა“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ დაკავების შემდეგ. კომენტარი გააკეთა ბადრი ჯაფარიძემაც – „საქართველო გაიმარჯვებს“, – თქვა მან.

„ლელოს” ოფისთან შეკრებილები იყვნენ ლიდერების მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, აქტივისტები. ადგილზე ხაზარაძისა და ჯაფარიძის მხარდასაჭერად მივიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

დღეს, 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ, „ლელოს“ ლიდერებს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა და საჯარო სამსახურში თანამდებობის 2 წლით დაკავება აუკრძალა.

განაჩენის გამოცხადებას არცერთი ლიდერი არ დასწრებია – მათ გადაწყვეტილება პარტიის ოფისში მოისმინეს.

ჯაფარიძესა და ხაზარაძეს პროკურატურა „ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა. მათ წინააღმდეგ პროკურატურას თეა წულუკიანის კომისიამ მიმართა.

ამავე საქმეზე, დღეს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა ზურაბ ჯაფარიძის განაჩენიც – მას 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს დაიბარეს. კომისია შპს „მაგნატის“ საქმეს განიხილავდა.

ორივე პოლიტიკოსმა უარი განაცხადა კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე, რის შემდეგაც საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

სასამართლომ ორივე პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარის გირაო შეუფარდა. მათ გირაო გადაიხადეს.

სასამართლომ საქმის განხილვა დღეს დაასრულა.

გასულ კვირას მამუკა ხაზარაძე წულუკიანმა ხელახლა დაიბარა. ხაზარაძემ განაცხადა, რომ გამოცხადებას არც ამჯერად აპირებს.

საქმის პროკურორმა მარი მეშველიანმა არ გამორიცხა, რომ გამოძიება ხელახლა დაიწყება.

„მოცემულ შემთხვევაში, თუ დადგინდება კონკრეტული პირის მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

არსებობს დანაშაულთა ჩადენის ეპიზოდები, თუ დადგინდება, რომ კონკრეტულად სხვა სხდომაზე აქვს მისი მხრიდან ადგილი გამოუცხადებლობას და ეს არ გამომდინარეობს ობიექტური მიზეზით, დაიწყება გამოძიება, ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და თუ დადგინდება დანაშაულის ჩადენა, მიეცემა შეფასება.

განსხვავდება დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი და ა.შ. არსებობს დანაშაულის ჩადენის ეპიზოდები. ის, რომ პირმა ერთი ეპიზოდი ჩაიდინა, არ ნიშნავს, რომ თავისუფლად შეუძლია, მომავალში კიდევ ჩაიდინოს აღნიშნული დანაშაული. ამ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება, თუ გამოგვეგზავნება საქმე, დაიწყება გამოძიება და თუ დადგინდება დანაშაულის ჩადენა, მივცემთ სამართლებრივ შეფასებას. ჩვენ ვაფასებთ ბრალდებულის ქმედებას და არა იმას, ვინაა ეს ბრალდებული. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად, მიეცა სამართლებრივი შეფასება.

განვიხილავთ დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ განმარტა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას“, – თქვა პროკურორმა მარი მეშველიანმა.