რაც შსს-მ დღეს გააკეთა, ლექსოს მორიგი მკვლელობა იყო - სიმონიშვილი

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ლექსო ლაშქარავას საქმეზე სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება. საია ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს იცავს.

ნიკა სიმონიშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

„ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტებისას, შსს-მ საჯაროდაც და პირადადაც შესთავაზა ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების დასახელება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ შეფასებაში. ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელი ან ბრიტანელი სახელმწიფო ექსპერტების მოწვევა, მაგრამ შსს-მ უარი გვითხრა, იმ მოტივით, რომ არ გვაქვს ჩვენ მათთან თანამშრომლობის გამოცდილებაო, რის შემდეგაც შემოგვთავაზეს შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა, რომლებიც საბოლოოდ არ მოიწვიეს და ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ექსპერტიზა.

მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა ცხედარზე.

ასევე არ მინდა ყურადღებიდან გამომრჩეს ამ ამბის გახმაურების ფორმაც და რაც შსს-მ დღეს გააკეთა, ლექსოს მორიგი მკვლელობა იყო. ჯერ ის არ იკმარეს, ივლისში უკანონოდ რომ გაავრცელეს ინფორმაცია და ახლაც ყოვლად გაუგებარი და მიუღებელი ფორმებით გააკეთეს იგივე. ცოტა ადამიანობა მაინც რომ ჰქონდეთ შსს-ში დარჩენილი, დაფიქრდებოდნენ იმაზე, რამხელა ზიანის მომტანია ამ ინფორმაციის ამ ფორმით ფრიალი ლექსოს ოჯახისთვის.

ჩვენც, ოჯახის ადვოკატებმა, მედიის მეშვეობით გავიგეთ ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე მაშინ, როდესაც ერთ კვირაზე მეტია, რაც გამოძიებას შედეგები ჰქონდა და მანამდე არაფერი თქვეს, სანამ იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი.

რაც შეეხება დასკვნის შინაარსს, მას დეტალურად არ ვიცნობთ და მას შემდეგ, რაც გავეცნობით, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება“, – წერს ნიკა სიმონიშვილი.


სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნა „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. მათივე ცნობით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 30 დეკემბერს მიიღეს დასკვნა, რომელიც დაერთო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.

ექსპერტიზის დასკვნას ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელთან ერთად ხელს აწერს ასევე ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც. როგორც ცნობილია, მისი ჩართვა პროცესში ლექსო ლაშქარავს ოჯახმა მოითხოვა.

დოკუმენტის მიხედვით, ექსპერტიზაზე მუშაობა ბიურომ დაიწყო 2021 წლის 11 ივლისს და დაასრულა 5 თვის შემდეგ, 30 დეკემბერს.

LB loan image desktop LB loan image mobile