რამდენი ადამიანი აიცრა იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია კახეთის რეგიონის ორ სოფელში – მანავსა და პატარძეულში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, საერთო ჯამში, 420 ადამიანი აიცრა, მათ შორის – 100 წლის ქალი. მარათონი ვაქცინაციის მასშტაბების გაფართოების მიზნით 18 ოქტომბრიდან დაიწყო.

„ვაქცინაციის მარათონს კახეთში ვაგრძელებთ. ჩვენ ის სოფლები შევარჩიეთ, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, რათა მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმდინარე პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუკეთებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაქცინაციის მარათონი დადებით შედეგებს გამოიღებს და ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს“, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს სოფლიდან გაუსვლელად ადგილზე, რეგისტრაციის გარეშე, სპეციალურად გამოყოფილ მოძრავ ამბულატორიაში შეუძლიათ.

„ვაქცინაციის ტემპი იმატებს. მარათონის ფარგლებში.პირველ დღეს 120, გუშინ კი 300 ადამიანი აიცრა. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასოფლო დასახლებაში მარათონი კარგ შედეგს გამოიღებს, თუმცა ეს ყველაფერი შემდგომშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. აქ ძალიან გამოცდილი ექიმები და ექთნები არიან. მოგეხსენებათ, რომ კახეთში შემთხვევების მატებაა და ამ პროცესს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია გააჩერებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

18 ოქტომბრიდან საქართველოს დიდ სოფლებში, სადაც 3 ათასზე მეტი მოსახლეა, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. ეს პროცესი სხვადასხვა რეგიონში 50-მდე სოფელს მოიცავს. მარათონი შიდა ქართლის 4 სოფელში – კავთისხევში, ხიდისთავში, კარალეთსა და ხელთუბანში დაიწყო.

პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება. მარათონში მონაწილეობას იღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში მოსახლეობას საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცემათ.