რატომ ითხოვდა უფლებადამცველი მოსამართლის აცილებას დღევანდელ სასამართლოზე

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან დაკავებული უფლებადამაცველის, ედუარდ მარიკაშვილის ადვოკატმა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

,,მტკიცების ტვირთი ორივე მხარეზე ნაწილდება“, – აცილების მოთხოვნის მიზეზი სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები გახდა.

როგორც ედუარდ მარიკაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, კონსტიტუციით გარანტირებულია, რომ დაცვის მხარეს მტკიცების ტვირთი არ დაეკისროს.

„დაცვის მხარეს მტკიცების ტვირთი, ანუ საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების ტვირთი არ ეკისრება – ეს არის კონსტიტუციური პრინციპი. მოსამართლემ სხდომაზე განაცხადა, ეს ყველამ გაიგო, ვინც დარბაზში იჯდა, ასევე ჩაწერილია ოქმისთვის. მსჯელობისას მან განაცხადა, რომ მტკიცების ტვირთი გეკისრებათ თქვენც, როგორც პასუხისგებაში მიცემულ პირს და დაცვის მხარეს. ეს არის უკვე წინასწარ დაფიქსირებული დამოკიდებულება საქმის მიმართ, რომელიც მთლიანად გავლენას მოახდენს სასამართლო წარმოების პროცესზე ამ საქმეზე და ფაქტობრივად, ჩემი აზრით, ეს არის წინასწარ გადაწყვეტილების მიღებაც, რადგან თუკი მოსამართლე ასე უყურებს ამ საკითხს სამართლებრივად, ვერ იქნება გადაწყვეტილება არსებითად სამართლებრივად გამართული“, – განაცხადა მარიკაშვილმა.

მარიკაშვილის თქმით, მოსამართლე მსჯელობდა მტკიცებულებების დართვაზე და ერთი კონკრეტული საკითხის შეფასებისას, ეს პოზიცია გამოხატა. მისივე თქმით, მსჯელობა ეხებოდა 24 საათიდან 48 საათამდე გახანგრძლივებულ დაკავების საფუძველს.

„24 საათიდან 48 საათამდე დაკავების საფუძველში წერია, რომ შსს ცდილობდა მოეპოვებინა სამხრე კამერების ჩანაწერები, რასაც გარკვეული დრო სჭირდებოდა და ამიტომ გამიხანგრძლივეს 48 საათამდე პატიმრობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში, როგორც მათ განაცხადეს, ასეთი მიმართვა არ გაუკეთებიათ. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ არა მხოლოდ დაკავება, არამედ ჩემი პატიმრობის ხანგრძლივობა იყო უკანონო, რაც დანაშაულია“, – განაცხადა მარიკაშვილმა.

ადვოკატმა მერაბ მუმლაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მოსამართლემ სასამართლო პროცესზე თავისი პოზიციით გაამყარა ეჭვი, რომ სავარაუდოდ მას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება.

„ამის თაობაზე ჩვენ დავაყენეთ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, ვინაიდან მან თავიდანვე გამოთქვა თავისი აზრი და პოზიცია, ხოლო როდესაც მოსამართლე პოზიციას გამოხატავს, მიგვაჩნია, რომ ის საქმე მან არ უნდა განიხილოს, რადგან თუ ფიქრობს, რომ დაცვის მხარეს აქვს მტკიცების ტვირთი, მაშინ ის აცდენილია ზოგად სამართლის პრინციპებს და მიგვაჩნია, რომ მან თავისი შინაგანი პოზიცია გამოთქვა.

მართალია, მან შემდეგ უარყო, რომ „მე ასეთი ინტერპრეტაცია არ მიმიღიაო“, მაგრამ ამაზე არსებობს ჩანაწერები და აუცილებლად გამოვითხოვთ მას“, – განაცხადა მუმლაძემ.

აცილების შესახებ შუამდგომლობას არც შსს-ს წარმომადგენლები დაეთანხმნენ.

როგორც პროცესზე მოსამართლემ განმარტა, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს  საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების სწორი შეფასების შედეგად. მან მოგვიანებით ადვოკატების დამაზუსტებელ შეკითხვას, ეკისრება თუ არა დაცვის მხარეს მტკიცების ტვირთი, უპასუხა, რომ მათ აქვთ უფლება სასამართლოს წარუდგინონ მტკიცებულებები.


თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 ივნისს პარლამენტის წინ, ბანერების გამო დაკავებული უფლებადამცველების, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძისა და საბა ბრაჭველის სასამართლო პროცესები გადაიდო. საქმე ეხება ბანერებზე წარწერა „ირაყლის” გამო დაკავებულთა პროცესებს.

ნიკა რომანაძის პროცესი 27 ივნისს ჩაინიშნა, ედუარდ მარიკაშვილის პროცესი 28 ივნისს, საბა ბრაჭველის კი 16 ივნისს.


2 ივნისს პარლამენტის  წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მიმართ 48-საათიანი დაკავების ვადა გამოიყენა.