როგორ ფიქრობთ, უნდა დაიხუროს „ალტ-ინფო", თუ უნდა გააგრძელონ ძალადობა? - შეკითხვა გომელაურს

პუბლიკა

„თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა შეწყვიტოს „ალტ-ინფომ” ფუნქციონირება ჩვენს ქვეყანაში თუ შეუფერხებლად უნდა გააგრძელოს ამ ხალხმა ძალადობა?”, – ამ შეკითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

მისივე თქმით, ვხედავთ, რომ ქვეყანაში „ალტ-ინფოს” ფუნქციონირებას მოჰყვება ძალიან სერიოზული გამოწვევები, მათ შორის მოქალაქეების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

პრორუსული, ძალადობრივი ორგანიზაცია „ალტ-ინფოს” საკითხს გამოეხმაურა კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე. მან მესტიისა და მარნეულის შემთხვევები გაიხსენა და გომელაურს ჰკითხა, ატარებს თუ არა უწყება პრევენციულ ღონისძიებებს.

„შეკითხვები დაისვა 5 ივლისთან დაკავშირებით, და სწორედ ამ კონტექსტში მინდა განვიხილო ის, რომ არაერთი მუქარა, [და არამარტო. მუქარადაც არ რჩება]. მაგალითად, მესტიაში ავიდნენ „ალტ-ინფოს” წარმომადგენლები და თავს დაესხნენ იმ აქტივისტებს, რომლებმაც გააპროტესტეს „ალტ-ინფოს” ოფისის გახსნა.

ასევე ძალიან სერიოზული, მუქარის შემცველი, ეთნიკურ-რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების, სიძულვილის ენას ვხედავთ მარნეულში.

რა ღონისძიებებს ატარებთ პრევენციის სახით (და ის, რაც მოხდა მესტიაში თუნდაც) სამირა ბაირამოვას დაცვის თვალსაზრისით. სამოქალაქო აქტივისტმა, რომელმაც გამოხატა პროტესტი, დღეს მუქარის ქვეშაა.

თუ აქაც ფრთხილობთ, როგორც საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებით…?”, – განაცხადა ნაკაიძემ. 

მან გომელაურს ეთნიკურ-რელიგიურ ნიადაგზე არსებული კონფლიქტებზე რეაგირების ფორმებიც დაუწუნა და აღნიშნა, რომ საკითხს მეტი ყურადღება სჭირდება.

„ყურადღებით ვისმენდი თქვენს ანგარიშს და ძალიან დამაკლდა იმ საკითხებზე აქცენტები, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში ხდება ხოლმე, განსაკუთრებით გასულ წელს. მე ვგულისხმობ ბუკნარსა და დმანისს, სადაც მნიშვნელოვანი შინაარსის მოვლენები იყო და საჭიროებდა შინაარსობრივ  განხილვას და არა იმას, რომ მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შერიგება იქნებოდა გამოსავალი.

სამწუხაროდ, გვაქვს აქ თქვენი დამოკიდებულებაც, რომ მხოლოდ იმიტომ აგვარებდით ამ კონფლიქტს, რომ აზერბაიჯანი იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც ვფიქრობ, რომ არ იყო სწორი”, – აღნიშნა მან.