როგორ მიმდინარეობს სამედიცინო მუშაკების ვაქცინაცია - რა ვიცით ამ დროისთვის

პუბლიკა

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად პირველ ეტაპზე აიცრება სამედიცინო პერსონალი.

სარეგისტრაციო რიგების მართვის ელექტრონული სისტემა 13 მარტს ამოქმედდა. დღევანდელი მონაცემებით, აცრისთვის პორტალზე ჯერჯერობით რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 3 500-მდე მუშაკი.  

ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სამედიცინო დაწესებულებებიდან სამედიცინო პერსონალის სიები მიეწოდა. როგორც „პუბლიკას“ თბილისსა და რეგიონში მდებარე საავადმყოფოებში განუცხადეს, ამ სიების შესაბამისად სამედიცინო პერსონალმა უკვე მიიღო საინფორმაციო შეტყობინებები ვაქცინაციის დაწყების თაობაზე და სურვილის შემთხვევაში ისინი პორტალზე ინდივიდუალურად დარეგისტრირდებიან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე იმედოვნებს, რომ შაბათ-კვირისგან განსხვავებით, სამუშაო დღეებში უფრო მეტი სამედიცინო პერსონალი გამოხატავს პლატფორმაზე დარეგისტრირდებისა და აცრის სურვილს.

„მთავარი ის არის, რომ მე, ჩემი კოლეგები, ექიმები, ექთნები და სამედიცინო დარგში დასაქმებული სხვა ადამიანები უნდა აძლევდნენ მაგალითს საზოგადოებას. სკეპტიციზმი მათგან ცოტა არ იყოს მიუღებელია. ვინც სამედიცინო პროფესიას მისდევს, ყველამ იცის, რომ ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით კაცობრიობის უდიდესი მიღწევაა. ასე რომ, არ მესმის სკეპტიციზმი ჩემი კოლეგებისგან. მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრან.

ჩემთვის გაუგებარია ის სკეპტიციზმი, რაც შეიძლება ჩემს კოლეგებს ჰქონდეს ვაქცინასთან მიმართებაში. საერთოდ დისკუსია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სჯობს თუ „ფაიზერის“, აბსოლუტურად უადგილოა, იმიტომ, რომ ეს ვაქცინები ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ძალიან მკაფიოდ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ვაქცინა 100%-ით ამცირებს სიკვდილობას კორონავირუსის შემდეგ, ანუ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები არ დაიღუპებოდნენ, ეს ვაქცინა ერთი წლის წინ რომ ყოფილიყო“, – უთხრა „პუბლიკას“ აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ შესაბამის უწყებებს ვაქცინაციისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანია არ უწარმოებია. ამგვარი კამპანიის დაწყება, მისი შეფასებით, დაგვიანებულიც კია. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. ამისათვის კი პირველ რიგში მოსახლეობისათვის ძალიან ცხადად და გარკვევით უნდა იყოს ახსნილი, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა, აღიარებულია გავლენიანი მარეგულირებლების მიერ. მსოფლიოში  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 300 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, მათ შორის 17 მილიონი – სწორედ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.

„ჯერჯერობით ძალიან ცოტა რამ გაკეთდა საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით. ეტყობა, ელოდებიან მასობრივ ვაქცინაციას, რომელიც მაისი-ივნისამდე არ დაიწყება. მაგრამ ამგვარი საინფორმაციო კამპანია უკვე უნდა დაწყებულიყო. ჩემი აზრით, დაგვიანებულიც კია. ეს საინფორმაციო კამპანია მორგებული უნდა ყოფილიყო ჩვენს სამედიცინო პერსონალზე, ჩვენს კოლეგებზე, თუნდაც მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც ყოყმანობს და ჯერ მზად არ არის, გაიკეთოს ვაქცინა; აქვს ძალიან ლოგიკური კითხვები, სწორი კითხვები. და მათ ცხადი პასუხები უნდა გაეცეს ვაქცინის  უსაფრთხოებასთან და ხარისხთან დაკავშირებით.

ასეთი კამპანია არ უწარმოებიათ ჯანდაცვის მუშაკებთან დაკავშირებით და ახლა მაინც უნდა გაკეთდეს, ხვალიდან მაინც უნდა დაიწყოს. გაირკვა, რომ ჩვენს კოლეგებსაც სჭირდებათ რაღაცაში დარწმუნება, რაც ჩემთვის, მართალი გითხრათ, სურპრიზი იყო. ვაქცინა უკვე გაიკეთა მილიონობით ადამიანმა მსოფლიოში. არ მგონია ჩემს კოლეგებს ასეთი ვიწრო თვალსაწიერი ჰქონდეთ და არ იცოდნენ, მსოფლიოში რა ხდება. დიდი იმედი მაქვს  საზოგადოების კეთილგონიერებისა და ჩემი კოლეგების“,- ამბობს ზოიძე.

სულ რამდენი ჯანდაცვის მუშაკი უნდა აიცრას

როგორც ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმაშია ნათქვამი, საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია 71 415 ჯანდაცვის მუშაკი. მათგან ვაქცინაციისთვის სამიზნეა 65% –  46 420 ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

უწყებაში განმარტავენ, რომ, თუ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირს ბოლო 120 დღის განმავლობაში არ უფიქსირდება კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი, მას შეუძლია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში დარეგისტრირდეს.

ჯერჯერობით „კოვაქს პლატფორმის“ მეშვეობით, საქართველომ ვაქცინის პირველი პარტია – „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა მიიღო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა კეთდება ორჯერადად, ანუ მეორე აცრა, რევაქცინაცია 8-დან 12 კვირის ფარგლებში გაკეთდება. ამისთვის საჭირო ვაქცინის 86 000 დოზა აპრილის მეორე ნახევარში შემოვა.

დღეს ვაქცინაცია დაიწყო როგორც თბილისში, ისე ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში, ხოლო 17 მარტიდან დაიწყება ყველა რაიონში.  ჯამში ვაქცინაცია 89 რაიონში ჩატარდება.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე უნდა აიცრას:

  • 46 420 ჯანდაცვის სექტორის მუშაკი;
  • 1 560 ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარი და პერსონალი;
  • 75 წელს გადაცილებული 136 080 პირი.

საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად ვაქცინაციის ეროვნული გეგმა გათვლილია სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ზე. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, სულ უნდა აიცრას 1,691,214 ადამიანი. საქართველო Covax-პლატფორმიდან 1.4 მილიონ დოზას ელოდება, რაც საკმარისია მოსახლეობის 20%-ის (700 ათასი ადამიანის) ასარელად.

ავტორიტეტული მარეგულირებლები „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შესახებ

დიდი ბრიტანეთის წამლისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელის წარმომადგენელის დღევანდელი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღება შეაჩერა, ადამიანებმა უარი არ უნდა თქვან მის მიღებაზე, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ მისი მიღება სარისკოა. მისივე თქმით, არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინა თრომბის გამომწვევი არ ყოფილა.

ასევე ევროკავშირის წამლის სააგენტოს განცხადებით, „არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინამ შეიძლება რაიმე ისეთი მდგომარეობა გამოიწვიოს, რომელიც გვერდითი ეფექტების ნუსხაში არაა შეყვანილი“.

გარდა ამისა, მსფოლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყნებმა „ასტრაზენეკას“ მიღება არ უნდა შეაჩერონ, რადგან მოცემული ჩვენება არ მიუთითებს იმაზე, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.