რუმინეთის შემდეგ ირაკლი კობახიძის განცხადებას იტალია და ესპანეთიც ემიჯნებიან.
იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც უარყოფენ, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ზომების გატარებას.
„საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიაზე იტალიამ კიდევ ერთხელ გამოხატა, რომ მკაცრად გმობს ძალადობის ნებისმიერ ფორმას, რაც დაფიქსირდა ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში.
იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების შესახებ წინადადებას (რომელიც ჩავარდა წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის არ ქონის გამო). ჩვენი ქვეყანა ასევე შეუერთდა კონსენსუსს დიპლომატიურ ვიზებზე გამარტივებული რეჟიმის შეჩერების შესახებ, რომელიც დამტკიცდა.
დაბოლოს, იტალიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის გვერდით და გამოთქვა იმედი, თბილისში გადახედავენ ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შეაჩერა მისი კურსი ევროინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ესპანურ მედიაში გავრცელდა ესპანეთის ოფიციალური პოზიციაც, რომ მათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობასთან ერთად, მხარი დაუჭირეს სანქციების მიღებას. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კობახიძის განცხადებას პლატფორმა X-ზეც გამოეხმაურა და გამოხატა შეშფოთება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.
„ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავდა თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციასა და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით.
ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით“, – ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საუბარია 16 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც მინისტრები შეთანხმდნენ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ამავე შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმ ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.
17 დეკემბერს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, სანქციების შესახებ წინადადება ჩავარდა წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის არ ქონის გამო.
„ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა ხუთ ქვეყანას, რომლებმაც, მისი თქმით, ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე – ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი.