რუსული კანონის შეჩერების საკითხის განხილვას საკონსტიტუციო 29 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყებს

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ცნობილია, რომ მომხსენებლი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება. მოსამართლე, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.

„წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ლეგიტიმური მიზნისა და უცხოური გავლენის იდენტიფიცირების რელევანტური კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, აზიანებს სუბიექტთა სოციალურ იდენტობას და თვითნებურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. აღნიშნულის პარალელურად, კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ანგარიშვალდებულების ფორმა, მონიტორინგის წესი და პასუხისმგებლობის ზომები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ სადავო კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს, ხოლო სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების კანონის ამოქმედებამდე პერიოდში წარმოშობილ და დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს. მოსარჩელეთა ნაწილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს მათ დისკრიმინაციას, ვინაიდან აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.

კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.


რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელი შევიდა – პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციისა და ოპოზიციონერი დეპუტატების.

მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართა „მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინტერესებს კი „ერთიანობის” ლიდერი, თამარ კორძაია და „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი დაიცავენ.

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სახელით მიმართავს და პოზიციას ამ ფორმით გამოხატავს.