სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლო სისტემის ტესტი იქნება – დეგნანი

პუბლიკა

სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლო სისტემის ტესტი იქნება –  განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

„გუშინდელზე საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ წინსვლაზე. ჩვენ გვსურს, ადამიანები ფოკუსირებული იყვნენ არჩევნებზე. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც საჭიროა, რომ ეს ქვეყანა გაუმკლავდეს, ასეთია სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კოვიდი, განათლება, წყალი, გზები. ჩვენ იმედი გვაქვს, ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დაუბრუნდებიან მუშაობას იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულია ქართული საზოგადოებისთვის.

სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლო სისტემის ტესტი იქნება. ჩვენ დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად და ქართული კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორიო ვალდებულებების შესაბამისად. სწორედ ამის ნახვის იმედი გვაქვს“, – განაცხადა, „პირველი არხის“ ცნობით, კელი დეგნანმა.

საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელჩი დეგნანი კენჭისყრის პროცესს დააკვირდა მარნეულის 27-ე და 85-ე საარჩევნო უბნებზე, სადაც გაესაუბრა მოქალაქეებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს. ელჩმა საქართველოს დემოკრატიული პროცესის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.