სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილ წოწორიებს პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულ მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაცვის მხარე ბრალდებულების გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა პროკურორი აცხადებდა, რომ მათი მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და რომ მათ მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

გამოძიება წოწორიებს 29 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ჩაყვანას ედავება”.

„დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს  თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება”, – ნათქვამია განცხადებაში.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.