სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა.  ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით – დანაშაულის დაფარვისთვის მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 1958 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს.

მათი თქმით, საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს.

„დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.