პარლამენტის წევრი, პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერის სანაცვლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ორ წინაპირობას სთავაზობს.
ერთი – თუ „გირჩს“ დასჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნა, ენმ მხარს დაუჭერს და მეორე – ეთერებში შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ „გირჩი“ პროსახელისუფლებო პარტიაა.
„ჩვენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ მის შექმნაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხელს არ შევუშლით იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენ დაგვჭირდება, მხარს დაგვიჭერენ და მეორე, საკუთარი ტელეარხებით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ „ქოცების“ მეგობრები და მათთან შეკრული ვართ. ეს არის ჩვენი ორი პირობა, რათა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საქმეში მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით თავდაპირველად ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე გამოვიდა. აღნიშნული ინიციატივის შესახებ მან გუშინ, 3 იანვარსაც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. ხატია დეკანოიძის თქმით, ინიციატივას მხარს დაუჭერს „ლელო“. ეს ინფორმაცია დღეს „ლელოს“ წევრებმაც დაადასტურეს. პარტია „საქართველოსთვის“ კომისიას მხარს არ დაუჭერს. „ოცნება“ საკითხზე საგაზაფხულო სესიის გახსნამდე იმსჯელებს, თუმცა, კობახიძის პირადი პოზიციით, შესაძლოა, საკითხმა უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღოს.