შესაძლოა, „ოცნებამ“ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, მმართველმა პარტიამ პარლამენტში სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც უსაფუძვლო საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ასეთი კომისია დაადგენს, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

„ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შეიძლება ეს [კომისიის შექმნა] არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ ამ ხმების [50 ხმაა საჭირო] შევსებაზეც კი.  ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს კომისია მარტივად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას“, – განაცხადა კობახიძემ.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით თავდაპირველად ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე გამოვიდა. აღნიშნული ინიციატივის შესახებ მან გუშინ, 3 იანვარსაც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. ხატია დეკანოიძის თქმით, ინიციატივას მხარს დაუჭერს „ლელო“. ეს ინფორმაცია დღეს „ლელოს“ წევრებმაც დაადასტურეს. პარტია „საქართველოსთვის“ კომისიას მხარს არ დაუჭერს.