საბა სხვიტარიძის პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს ეზოში ერთ-ერთი მხარდამჭერი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული საბა სხვიტარიძის პროცესი დასრულდა. პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა საქმის მთავარი გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი.

მან სასამართლო ხმაურის ფონზე დატოვა – ეზოში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მხარდამჭერი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს.

„პუბლიკამ“ გადაიღო ვიდეოკადრები, სადაც ჩანს რა ვითარებაში აკავებს პოლიცია გიორგი ჩხეიძეს. ვიდეოში ჩანს, რომ გიორგი ჩხეიძე მოშორებით დგას ადამიანთა ჯგუფიდან და შორიახლოდან იღებს ვიდეოს, რა დროსაც მასთან მიდის სამი პოლიციელი და იწყებენ მის დაკავებას.

გიორგი ჩხეიძის ადვოკატის, მარიკა არევაძის თქმით, შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.

„დაკავების შემდეგ ფიზიკურად გასწორებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ფიზიკური დაზიანებები აქვს საკმაოდ მრავლობითად. აქვს თავზე, აქვს ხელზე, მკლავზე, ფეხზე დაზიანებები, რომელიც დაკავების დროს მიიღო ჭიდაობით. არაპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა მისი დაკავება, ვხედავდით ყველა ერთად, ამ დროს აქვს დაზიანებები მიღებული.

შეყვანის დროს ნივთები, რომლებიც თან ქონდა, არ ჩანს და იმედი მაქვს, სამართალდამცველების მხრიდან მორიგ ქურდობის ფაქტთან არ გვექნება საქმე.

ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილს, პოლიციელის შეურაცხყოფას. როგორც თვითონ ეუბნებიან, ედავებიან, რომ მონა უწოდეო, მაგრამ მეუბნება, მონა მე არ მითქვამს, მე ვუთხარიო რომ ჩვენ დავიმახსოვრებთ ცრუ მოწმეებსო“, – უთხრა ადვოკატმა „პუბლიკას“.

დღევანდელი სხდომა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იწყებოდა. სალომე ედიშერაშვილის დაკითხვას ესწრებოდნენ პოლიციელები, რომლებიც მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. სხდომაზე  დამსწრე პოლიციელებმა დარბაზში ადგილები დაიკავეს, რის გამოც ბრალდებულის ახლობლებსა და ოჯახის წევრების ნაწილს დასწრების საშუალება არ ეძლეოდათ.

ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სხდომაზე დასწრება, დაახლოებით, 7 პოლიციელს სურდა, რამაც ოჯახის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი დარბაზში ყოფნა გააპროტესტა საბა სხვიტარიძემაც, რომელმაც თქვა, რომ დაუშვებელია, სხდომას ის პოლიციელები ესწრებოდნენ, რომლებიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„აი ეს პიროვნებები, ამ პოლიციელებმა სასამართლოდან წამიყვანეს და მე პროცესზე ვთქვი კიდეც, ამ ადამიანებმა მე სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ზოგ ადამიანს დასცინდნენ და არ შეესაბამება ადამიანების ჩემს პროცესზე ყოფნა. არ არის ჩემთვის ეს კომფორტული გარემო. ეს ადამიანები თვალებში მიყურებენ ურცხვად”, – განაცხადა საბა სხვიტარიძემ.

მოგვიანებით, მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა და მანდატურის სამსახურს მიმართა, ამ პერიოდის განმავლობაში პრობლემა აღმოეფხვრათ. დარბაზში ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ, დამსწრე პოლიციელებმა სასამართლო პროცესი დატოვეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციელები სასამართლო პროცესებს ესწრებიან. ასე მოხდა რუსული კანონის აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის პროცესზეც, რომელსაც სხვა პოლიტპატიმრების საქმის მოწმე პოლიციელები ესწრებოდნენ.

მოგვიანებით კი, ოკმელაშვილის საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განმარტა, რომ პოლიციელები, სამსახურებრივი ნაცნობობიდან გამომდინარე, მის უსაფრთხოებას იცავდნენ.