საჭირო გახდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვების დაბრუნება - ცერცვაძის მოსაზრება

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა და რისკებზე ისაუბრა. ქვეყნის კვლავ ჩაკეტვასთან დაკავშირებით ცერცვაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა შეზღუდვების ისევ შემოღება დღეს ქვეყანას არ ემუქრება.

„ჩემი გადასახედიდან, რაც საქართველოში ხდება, ეს იყო მოსალოდნელი. საქართველომ ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე მოახერხა, დაედო ევროპაში საუკეთესო და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი, როგორც შემთხვევების, ისე გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა შეძლებდა, მთლიანად აეცილებენა თავიდან ის დისკომფორტი და პრობლემები, რაც ამ ვირუსს ახლავს.

38 შემთხვევა –  ეს იყო აბსოლუტური პიკი. სიტყვა ნორმალური რომ გამოვიყენო ამის მიმართ, მთლად ადეკვატურად არ გაისმის, მაგრამ ეს ნორმალურია. მოიხსნა შიდა შეზღუდვები და ამის შედეგად მივიღეთ მაქსიმუმ 38 შემთხვევა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მაქსიმუმი და მომდევნო დღეებში ნაკლები იქნება. ამიტომ ვარ მე მშვიდად და მოვუწოდებ ყველას სიშვიდისკენ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა, რადგან მსოფლიოში კვლავ რთული სიტუაციაა და პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა.

„საჭირო გახდება თუ არა შეზღუდვების შემოღება – ეს არის მთავარი კითხვა, რაც დღეს ბევრს აინტერესებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ თქვენ გაინტერესებთ ჩემი პერსონალური მოსაზრება, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ დღეს ეს სიტუაცია, რაც ხდება მიკროაფეთქებების სახით, ამ ფარგლებს არ გასცდება. არ განმეორდება ის, რისიც საზოგადოებას ეშინია, არ დადგება საჭიროება საგანგებო ზომების შემოღების ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის შემოღების და იმ ზომების, რომელმაც ეკონომიკის რეცესია გამოიწვია. ჩემი ღრმა რწმენით, ეს დღეს ქვეყანას არ ემუქრება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას.

ამის შემდეგ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ ღამით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიკროაფეთქებები კარგი არ არის და არსებობს რისკი ქვეყანაში დაბრუნდეს შეზღუდვები იქნება ეს, საგანგებო მდგომარეობა თუ სხვა. როგორც ის ამბობს, ამის მიზეზია ის, რომ საზოგადოებამ ყურადღება მოადუნა.