საერთაშორისო მედიაორგანიზაციები: გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, შეწყდეს მედიის დევნა

პუბლიკა

პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს აწერენ განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი და ონლაინგამოცემების, ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი და შეწყვიტოს ქვეყანაში თავისუფალი მედიის დევნა.

ორგანიზაციები ასევე მოითხოვენ ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ გამოძიების ჩატარებას.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დევნა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ზედმიწევნით გამოძიებას მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ“, — წერია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერთა სია:

  1. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
  2. პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
  3. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ)
  4. Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT)
  5. Free Press Unlimited (FPU)
  6. იუსტიციის ფონდი ჟურნალისტებისთვის (JFJ)
  7. IMS (საერთაშორისო მედია მხარდაჭერა)
  8. მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი (MDI)
  9. მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში (MDI WB)
  10. PEN International
  11. სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD)
  12. ქეითი კილი, ლი ჰილსის თავმჯდომარე თავისუფალი პრესის კვლევებში, მისურის ჟურნალისტიკის სკოლა
  13. ჟურნალისტთა საზოგადოება (ვარშავა)

მზია ამაღლობელი პოლიციამ ბათუმში აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავა. ამაღლობელი პირველად სამმართველოს კედელზე სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს.

ამაღლობელი იმავე ღამეს მეორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მზია ამაღლობელის დაკავების, პატიმრობისა და ბრალდების კანონიერების საკითხი შეაფასა. მათი განცხადებით რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობელის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. TI ამბობს, რომ „ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო“.