საია: მოსამართლე შვანგირაძე დემონსტრანტების საქმის განხილვისას სადამკვირვებლო სტატუსის მქონე პირებს საქმიანობას უზღუდავს

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შვანგირაძის  გადაწყვეტილებას, სხდომაზე არ დაუშვას სადამკვირვებლო სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორისა და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს საერთოდ არ განუხილავს  სხდომის საჯაროდ წარმართვის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობაც.

საია აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია 14 წელია სისხლის სამართლის პროცესებს მონიტორინგს უწევს და „ამ ხნის განმავლობაში  არასდროს გამოვლენილა ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევა.  მოსამართლის გადაწყვეტილებით უფლებადაცვით ორგანიზაციას დაუსაბუთებლად შეეზღუდა სასამართლო სხდომაზე დაკვირვება. აღნიშნული კი, კონკრეტული მოსამართლის მიერ სასამართლოს დისკრეციის თვითნებური და საჯაროობის პრინციპის საწინააღმდეგო გამოყენებაა”.

„გარდა იმისა, რომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე დაუსაბუთებლად ზღუდავს სასამართლო სხდომის  საჯაროობის პრინციპს, დღევანდელ სხდომაზე გამოვლინდა კომპეტენციური პრობლემაც, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულების, რომლებიც, ასევე, მრავალი წელია დახურულ სასამართლო სხდომებსაც ესწრებიან, არ შეუშვეს პროცესზე.

მოსამართლის ამგვარი გადაწყვეტილება, დასაბუთებულად ბადებს განცდას, რომ მას არ შეუძლია საჯარო სხდომის იმგვარად წარმართვა, რომ უზრუნველყოს სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის დაცვა. ამასთან შესაძლოა მის მიერ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მიღებული გადაწყვეტილებები იმდენადაა მოკლებული სამართლებრივ დასაბუთებას, რომ მოსამართლე თავს არიდებს იმ ტიპის საჯაროობის დაცვას, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებელ, სამართლებრივი საკითხების კვალიფიციურ შეფასებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა სხდომის მიმდინარეობისას სამართლებრივად შეაფასონ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები”, – წერს საია.

ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, დაიცვას სამართლიანი სასამართლოს პროცედურული სტანდარტები და ახლად დაწყებული სამოსამართლეო პრაქტიკა არ განავითაროს არსებული საკანონმდებლო რეგულაციების უგულვებელყოფით, სხდომების საჯაროობის პრინციპის საზიანოდ.

როგორც საია აღნიშნავს, მათი, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის პერსპექტივიდან სასამართლო პროცესების მონიტორინგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელს ხდის იმის საზოგადოებრივ მონიტორინგს, თუ რამდენად შეესაბამება სასამართლოს საქმიანობა სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს.

„პროცესების დახურვა, განსაკუთრებით შესაბამისი დასაბუთების გარეშე, აუფასურებს საჯაროობის პრინციპს და აჩენს მიუკერძოებლობის, სასამართლოზე წვდომის და ბრალდებულის უფლებების დარღვევის რისკს. აღნიშნულით სუსტდება სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობა, მოახდინოს სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზების მონიტორინგი, რაც უარყოფითად აისახება სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციაზე და, შედეგად, მართლმსაჯულების აღსრულების ხარისხზე“, – წერს საია.