„საირმის“ ქარხნის შესასვლელი, სადაც გაფიცულები იყვნენ, კომპანიამ ექსკავატორით მოასუფთავა - პროფკავშირი

პუბლიკა

მრეწველობის პროფკავშირის „ლაბორის“ წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის თქმით, კომპანია „საირმის“ წარმომადგენლებმა წუხელ ქარხნის შესასვლელი, სადაც გაფიცული დასაქმებულები იყვნენ, სპეცტექნიკის დახმარებით მოასუფთავეს. დიასამიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მენეჯმენტს ქარხნიდან პროდუქციის გატანა უნდა, ამავდროულად კი ცდილობს გაფიცულთა შევიწროებას, მათ შორის, მათი კუთვნილი ანაზღაურების გაუცემლობით.

„ღამით, როცა გაფიცულთა დიდი ნაწილი წავიდა სახლში ღამის გასათევად და დარჩა მხოლოდ მორიგე ჯგუფი, მოიყვანეს ტექნიკა და დაიწყეს გზის გაწმენდა. პირდაპირ ექსკავატორით გადაუარეს გაფიცვის ადგილს, რომ გზა გაეთავისუფლებინათ.

უნდათ, რომ ტრაილერები შეიყვანონ და წყალი დატვირთონ. ქარხანა არც მუშაობს, ხელფასები კი, თავიანთი ნაშრომის ანაზღაურება ისევ არ დაურიცხავთ, რითიც სჯიან გაფიცულ თანამშრომლებს. კონფრონტაციას ცდილობენ. ჩვენ ვაგრძელებთ აქ ყოფნას და თუ დაკავებას გადაწყვეტენ, დაგვაკავონ“, – ამბობს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის „ლაბორის“ წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე „პუბლიკასთან“.

ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი ალექსანდრე კბილაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ კომპანიამ სპეცტექნიკა ქარხნის შესასვლელის გასათავისუფლებლად ღამით მიიყვანა და თან პოლიციაც ახლდა, რასაც იქ მყოფ გაფიცულ მშრომელებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს, კბილაშვილის თქმით, გაფიცული თანამშრომლების კარავი არ დაუშლიათ.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ დასაქმებულები პროფკავშირის განცხადებით, დასაქმებულები ანაზღაურებას გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 13 თებერვლიდან გაიფიცნენ. პროფკავშირის განცხადებით, გაფიცვა უვადოა და მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

კერძოდ, პროფკავშირის განცხადებით, დასაქმებულები მოითხოვენ:

  • ხელფასის 30%-იან ზრდას;
  • საქსტატის მონაცემების შესაბამისად ხელფასების ყოველწლიურ ინდექსაციას;
  • საპენსიო გადასახადის დამსაქმებლის მიერ დაფარვას;
  • ღირსეულ და უსაფრთხო შრომით პირობებს;
  • აპროტესტებენ ქარხანაში არსებულ ანტისანიტარიას და ითხოვენ მის მოწესრიგებას;
  • დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟისა და მუქარის აკრძალვას;
  • კოლექტიურ შეთანხმებას;
  • დამფუძნებლებთან შეხვედრას, რადგან მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მენეჯმენტი განზრახ აზიანებს და აკოტრებს ქარხანას.