სამინისტრო: აბასთუმანში შემზღუდავი ზონის მიზნობრიობასთან დაკავშირებით არასწორი და გადაუმოწმებელი ცნობები გავრცელდა

პუბლიკა

ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმანში შემზღუდველი ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით „არასწორი და გადაუმოწმებელი ცნობები“ გავრცელდა.

„განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში სანავიგაციო მონაცემების განახლების ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები არ წარმოადგენს არსებით სიახლეს ან მნიშვნელოვან გადახრას არსებული პრაქტიკიდან და სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას და სტანდარტებს და არ ეწინააღმდეგება თავისუფალი საჰაერო მარშრუტების სივრცის (FRA) პრინციპებს. მსგავსი ტიპის შეზღუდული ზონები საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული და ფართოდ გამოყენებული მექანიზმია.

აბასთუმნის ობსერვატორიამ შესაბამის უწყებას რამდენიმე წლის წინათ მიმართა და შეზღუდული ზონის ამოქმედების ინიციატივით გამოვიდა. ობსერვატორიის მიმართვებში კვალიფიციურად იყო დასაბუთებული, რატომ მოქმედებს უარყოფითად დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი ასტროკლიმატსა და დაკვირვებების ხარისხზე.

ამჟამადაც, მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ეკოლოგიური პირობების შექმნით და ფრენის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. ამასთან, მიმდინარე ცვლილება არ ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას.

სრულად არის შენარჩუნებული საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის არსებული პარამეტრები. შესაბამისად, არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე.

ვაზუსტებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე, სახელსაწყო ფრენის წესებით (IFR) შესრულებულ ფრენებზე, სადაც შესაძლებელია საკონდენსაციო კვალის წარმოქმნა, დაბალ სიმაღლეზე შესრულებული ვიზუალური ფრენები კი (VFR) შეზღუდვას არ ექვემდებარება. ცვლილება ემსახურება ობსერვატორიის მიზნებს, ისევე როგორც ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, რაც აბასთუმანის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებას გააძლიერებს… “,- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 16 აპრილიდან, აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება. კერძოდ, საავიაციო მოძრაობა იზღუდება აბასთუმნის თავზე დაახლოებით 52 კილომეტრის დიამეტრის რადიუსზე. შესაბამისი დადგენილება მთავრობას გამოქვეყნებული აქვს.

დოკუმენტის თანახმად, მიზეზად დასახელებულია ატმოსფერული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ასტრონომიული დაკვირვებისთვის. ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს. „საქაერონავიგაციის” დოკუმენტაციის მიხედვით, ამ აკრძალვას ერთი საინტერესო გამონაკლისი აქვს: დაშვებულია ფრენა ტერიტორიაზე მოფრენილი ან ტერიტორიიდან გაფრენილი ხომალდებისთვის.

ანუ ეს დათქმა ფრენის უფლებას აძლევს მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ. „რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს.