სამხარაძე - არავის სურს ჩვენი ომში ჩართვა: არც დეგნანს, არც ევროკავშირს, არც ბრიუსელს...

პუბლიკა

„ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსაბჭოს, არც ბრიუსელს და არც არავის, არც კელი დეგნანს – ევროპარლამენტარებმა მითხრეს, რომ მისდით ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაკეთებთ მსგავს განცხადებებს” – უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

“მე არ ვიცი, ვინ თარგმნის თუ ვინ აწვდის ამ განცხადებებს, მაგრამ მათაც გვითხრეს, რომ მისდით ასეთი ინფორმაცია, რომ ჩვენი მხრიდან კეთდება ასეთი განცხადებები… არ არსებობს ასეთი ციტატა, ნუ აბუქებთ თქვენ, თქვენი პასუხისმგებლობაც არის მედიის, რომ ეს განცხადებები ზუსტად ისევე გაიტანოთ საზოგადოებასთან როგორც კეთდება” – ამბობს დეპუტატი.

გთავაზობთ მცირე ნაწილს ხელისუფლების და მასთან დაკავშირებული პირების განცხადებებისა, რომლებიც თვეების განმვალობაში ტირაჟირებენ კონსპიროლოგიას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს:

ირაკლი კობახიძე. 10 მაისი: „თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მგონია, რომ სულ მცირე, ეს მიუღებელი და პრინციპულად არასწორია”.

ნიკა სამხარაძე. 11 ივნისი. ტელეკომპანია იმედთან სტუმრობისას: „ზოგს შეიძლება უნდოდეს, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული, მათ შორის ევროპაშიც”.

კახა კალაძე. 10 ივნისი: „ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში”. – ამბობს ის.

ირაკლი ღარიბაშვილი. 22 ივნისი. პარლამენტის წინაშე გამოსვლა: „თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში?! როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო, როგორ გავიგოთ…

პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა ომშია.”

„ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატები, სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე. 29 ივნისი: „როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო”…