სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციამ არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრმა (ICNL) „ქართული ოცნების” მიერ „FARA-ს ქართული თარგმანის” მოკლე შედარებით-სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა.
ICNL-ის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კანონი საჯარო კონსულტაციების გარეშე მიიღეს, რაც ხელისუფლების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების, მშვიდობიანი მომიტინგეების დევნისა და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების ფონზე, განსაკუთრებულად პრობლემურია.
„ამასთან, არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი იზიარებს სამოქალაქო სექტორის შეშფოთებასა და წუხილს, რომ FARA-ს ქართული მოდელი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. სავალდებულო რეგისტრაციისა და მათი საქმიანობის ტოტალური კონტროლის მიღმა, კანონის ამოქმედების შემდგომ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საჯარო პოზიციონირებისას ვალდებული იქნებიან ხაზგასმით გააცხადონ, რომ ორგანიზაცია „უცხოური აგენტია“, რასაც დამატებით მასტიგმატიზებელი ეფექტი ექნება მათ საქმიანობაზე”.
SJC-ის ცნობით, შეფასებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიზანში ამოღების სტრატეგია ყოველწლიურად, უფრო და უფრო მძიმე ფორმებს იღებს – თუკი 2024 წელს მიღებული „რუსული კანონი“, მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, ახლადმიღებული ქართული FARA, კანონით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლისსამართლებრივი დევნითა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის რისკით ბოჭავს.
„ICNL ასევე ეხმაურება, კანონის მიღების აუცილებლობასა და ლეგიტიმურობის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც კანონის მიღებას, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ამერიკული მოდელის დანერგვის მიზნებით ხსნიან და მიიჩნევს, რომ კანონის მიღების მოტივებსა და აღსრულების გზებში მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს, და რომ პარლამენტარების განცხადებები, საფუძვლიან ეჭვს ბადებს, იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონის რეალიზებისას, აღსრულების იმგვარ პრაქტიკას გამოიყენებს, რაც წინააღმდეგობრივია საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებთან”.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის შედარებით სამართლებრივ ანალიზს, თარგმანის სახით აქვეყნებს – ანალიზში საუბარია ამერიკული FARA-ს ნაკლოვანებებსა და ხარვეზებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ის ვერ ჩაითვლება წარმატებულ სამართლებრივ მოდელად.
„ამერიკული FARA მეორე მსოფლიო ომის დროს, მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული ნორმატიული აქტია, რომლის განუჭვრეტადი ბუნებაცა და მისი გავრცობის ბუნდოვანი საზღვრები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესის, მხრიდან , არაერთხელ გამხდარა ობიექტური კრიტიკის საგანი.
არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) ექსპერტის, ნიკ რობინსონის (Nick Robinson) შეფასებით: „FARA-ს დეფინიციები ბუნდოვანი და განუჭვრეტადია, რაც ერთი მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებას გაუმართლებლად ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს, ხოლო მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას უქმნის საფრთხეს და ამით, კანონის ეფექტიანობას ამცირებს.“
ამერიკის შეერთებული შტატებში მიღწეულია კონსენსუსი, რომ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტში“ მყისიერი და ყოვლისმომცველი ცვლილებებია შესატანი, მათ შორის, დაგეგმილია უფლებამზღუდავი ნორმების, კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასებაც.
სწორედ, იმის გამო, რომ ამერიკული FARA-ს ნაკლოვანებებიცა და ხარვეზებიც, საჯაროდაა აღიარებული, იგი განსაკუთრებული სიფრთხილითა და შეზღუდვებით გამოიყენება და არა, იმ პრაქტიკით, როგორც საქართველოში იქნა დაანონსებული”.
ანალიზში, ასევე, აღნიშნულია, რომ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღების მომენტისათვის არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მისი მთავარი მიზანი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მტრული პროპაგანდის შეკავება და მის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. მას შემდეგ, რაც კანონის თავდაპირველი მიზნები არარელევანტური გახდა, მისი მთავარი დანიშნულება უცხო ქვეყნების ლობისტთა იდენტიფიკაცია და მათი სავალდებულო აღრიცხვა გახდა.
„2025 წლის თებერვალში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა პროკურორმა, პამელა ბონდიმ (Pamela Bondi), FARA-ს რეპრესიული მიზნებისათვის ინსტრუმენტალიზების რისკებზე ისაუბრა და აღნიშნულ საფრთხეებზე მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც: “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა, მხოლოდ იმ შემთხვევებით უნდა შემოიფარგლოს როდესაც სავარაუდო ქმედება, თავისი ბუნებით, მიახლოებულია იმ ტიპის ტრადიციულ ჯაშუშობასთან, რომელსაც უცხო ქვეყნების სამთავრობო წარმომადგენლები ახორციელებენ.“
2025 წლის აპრილის მდგომარეობით, FARA-ს შესაბამისად, 540-მდე აქტიური სუბიექტია რეგისტრირებულია, საიდანაც არაკომერციულ ორგანიზაციათა წილი მხოლოდ 5% -ს შეადგენს. (რეგისტრირებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს შორისაა, პოლიტიკური პარტიების კუთვნილი ის ფილიალები, რომლებიც აშშ-ს გარეთ ფუნქციონირებენ)
ნიშანდობლივია, რომ დიდია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების რიცხვი, რომლებიც, ერთი მხრივ, უცხოურ დაფინანსებას იღებენ და ამავდროულად, აქტიურად აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი გუნდის პოლიტიკას, თუმცა, FARA-ს მოქმედება მათზე არ ვრცელდება და შესაბამისად, სახელმწიფო მათ „უცხოურ აგენტებად“ არ აიდენტიფიცირებს”.
აქვე საუბარია, რომ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ქართული მოდელი შეუსაბამოა საერთაშორისო სამართალთან – კერძოდ, ნათქვამია, რომ საქართველო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოა, შესაბამისად, ეროვნულ დონეზე შემუშავებული თითოეული ახალი მოწესრიგება, მათთან უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მიხედვით, გაერთიანების თავისუფლებაზე დაწესებული თითოეული შეზღუდვა მხოლოდ მაშინ, ჩაითვლება კანონიერად, თუ კი ის მკაცრად განსაზღვრულ შემდეგ ალტერნატიულ წინაპირობებს აკმაყოფილებს:
- კანონით განსაზღვრულობის მოთხოვნა;
- დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებლობა;
- ეროვნული უშიშროების,საზოგადოებრივი უსაფრთხოების,საზოგადოებრივი წესრიგის, დანაშაულის პრევენციისა და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობა;
2024 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციაში მოქმედი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, კონვენციით განმტკიცებულ გაერთიანებისა თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებებს ეწინააღმდეგებოდა. თავის მხრივ, სამართალწარმოების პროცესში, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ რუსეთში მოქმედი კანონი ამერიკული FARA-ს იდენტურად გამოიყენებოდა.
მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის განცხადებით: „უცხოური დაფინანსება თავისთავად არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დამატებითი შეზღუდვებისა და სტიგმატიზების მიზნით მიღებული ისეთი ზომებისათვის, როგორიცაა, უცხოური დაფინანსების მიმღები ყველა ორგანიზაციისათვის, საჯარო პოზიციონირებისას, „უცხოელი აგენტის“ მარკირების სავალდებულოობა და აუდიტორული შემოწმებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობების ფორმით, მათი მომეტებული კონტროლი. გაერთიანების თავისუფლების კონტექსტში დაწესებული თითოეული შეზღუდვა, კანონიერების პრინციპსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს.“
იმავე კონტექსტში, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ: უზრუნველყონ, რომ ეროვნული კანონმდებლობით, მიზანმიმართულად არ იზღუდებოდეს, საერთაშორისო დაფინანსებაზე ორგანიზაციების წვდომა. გააუქმონ იმგვარი კანონები, რომლებიც გაუმართლებლად ზღუდავს უცხოურ დაფინანსებას, მათ შორის:
- რეგულაციები, რომლებიც უცხოური დაფინანსების მიმღებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მძიმე ინტერვენციულ ანგარიშგებისა და გაუმართლებელ საჯარო გამჭვირვალობის ვალდებულებას უწესებს;
- „უცხოელ აგენტად“ სავალდებულო მარკირების მოთხოვნა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციას, სტიგმატიზებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას ისახავს მიზნად;
- უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის მოწესრიგებისას, ფართო და ბუნდოვანი დეფინიციების გამოყენება, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას გაუმართლებლად ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს და ამგვარი ორგანიზაციებისათვის, პოლიტიკურ ცხოვრებასა და საჯარო დისკუსიებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობებს ამცირებს;
- რეგულაციები, რომლებიც ორგანიზაციებს არაპროპორციულ და უსაფუძვლო სანქციებს უწესებს”.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ქართული FARA სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მოქალაქეების საქმიანობას, მიზანმიმართულად, ბუნდოვანი და განუჭვრეტადი ნორმებით ზღუდავს. მათი განცხადებით, იმისათვის, რომ სამოქალაქო სექტორი დამოუკიდებელი და დაცული იქნას, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს კანონი ისე, რომ აღმოფხვრას აღნიშნული ხარვეზები და უზრუნველყოს, რომ მისი აღსრულება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.