საპარლამენტო უმრავლესობის 5 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა

პუბლიკა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა 5 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.

განათლების მინისტრად დანიშნულ გიორგი ამილახვარს 75 ხმით, ირაკლი კოვზანაძეს – 69 ხმით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას – 68 ხმით, ნინო იობაშვილს – 70 ხმით და გიორგი ხელაშვილს – 67 ხმით პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ იობაშვილს, ჩაჩიბაიას და ხელაშვილს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო უწყდებათ უფლებამოსილება. 23 მარტს სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.

რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძეს, მან აღნიშნულთან დაკავშირებით პირადი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლა დროში დაემთხვა იმას, რომ იობაშვილმა, ხელაშვილმა და ჩაჩიბაიამ რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირეს.