საპენსიო სააგენტო: 24.7 მილიონი ლარი Apple-ის აქციებშია ინვესტირებული

პუბლიკა

საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. 2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1 476 780 შეადგინა, აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1 297 661 ადამიანია, ხოლო დამატებით 2023 წელს სქემას 118 044 მონაწილე შემოუერთდა.

2023 წელს პენსიით ისარგებლა 3 535 ადამიანმა, შედეგად  პენსიის მიმღებთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 6 929 შეადგინა. დღეისათვის, გაცემული პენსიის ჯამური ოდენობა 20 811 344 ლარია, ხოლო მიმდინარე წელს იგივე მონაცემი 13 264 294 ლარს მოიცავს. ამ დროისათვის, დაგროვებით საპენსიო სქემაში 107 644 კომპანიაა დარეგისტრირებული, 2023 წლის სტატისტიკით კი, სქემაში გაწევრებულ ორგანიზაციათა ოდენობა 12 650-ით გაიზარდა.

საინვესტიციო საქმიანობის შედეგები ასე გამოიყურება:

მხოლოდ 2023 წელს, საინვესტიციო ამონაგებმა 401 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე, საპენსიო აქტივების ჯამური წმინდა ამონაგები 834 მილიონი ლარია.

პროცენტულად, 5 წლის განმავლობაში, ნომინალურმა ამონაგებმა 57% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 13.3% იყო.

საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირების დაწყებიდან  მე-5 წელს, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, მათ შორის, წმინდა კონტრიბუციების მოცულობა 3.5 მილიარდი ლარია, ინვესტირების შედეგად მიღებული  წმინდა ამონაგები კი 834 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია რომ, პორტფელების დივერსიფიკაციასთან ერთად გაიზარდა საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ამონაგებიც და მხოლოდ 2023 წელს 401 მილიონი ლარი შეადგინა.

დაარსებიდან დღემდე, საპენსიო სააგენტოს ჯამურ აქტივებზე ნომინალური ამონაგები 57% -ია, რაც იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებელზე 13.3%-ით მაღალია.

რომ ბოლო 3 წლის მონაცემების მიხედვით, საპენსიო სააგენტო რეგიონისა და OECD-ის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ბოლო 3 წლის აკუმულირებული მონაცემებით (2020-2022), საპენსიო სააგენტოს ჯამურმა ნომინალურმა ამონაგებმა 33% შეადგინა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს საპენსიო სააგენტო რეგიონისა და OECD-ის ქვეყნების  რეიტინგის ლიდერია.

გარდა ამისა, საპენსიო სააგენტოს განცხადებით, საპენსიო აქტივების 80% საქართველოში, საბანკო დეპოზიტებსა და სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული, ხოლო თითქმის 20% ანუ 823.8 მილიონი ლარი, გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული. საპენსიო სააგენტო აქციების პორტფელს ETF-ების ანუ გაცვლითი სავაჭრო ფონდების საშუალებით ფლობს.

სააგენტოს აქციების პორტფელი დივერსიფიცირებულია, მისი 45% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 24% განვითარებული აზიის ქვეყნებში, ხოლო 18% ევროპაში.

საპენსიო სააგენტოს თანახმად, ესაა იმ ტოპ 10 კომპანიის სია, რომლებშიც თანხების ზემოთ ხსენებული 20%-ის ნაწილია ინვესტირებული:

  • Apple – 3%;
  • Microsoft – 2.9%
  • Amazon – 1,4%;
  • Nvidia – 1.3%;
  • Google – 0.8%;
  • Meta – 0.8%;
  • Berkshire Hathaway – 0.8%
  • Tesla – 0.7%;
  • UnitedHealthcare – 0.7%
  • Nestle – 0.5%.

კანონში შესული ცვლილებები შესაბამისად, 2024 წლის 3 იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც  2023 წლის 7 სექტემბრამდე არ აურჩევიათ  სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ავტომატურად გადანაწილდებიან კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში.

3 იანვრიდან, აღნიშნულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი და შემდგომში ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.