„საქართველოს ფოსტის“ მძღოლები უკვე მე-6 დღეა, პროტესტის ნიშნად სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ. მათ საქმეში გუშინ, 5 ივნისს, გაერთიანებული პროფკავშირები ჩაერთო.
„საქართველოს ფოსტის“ მძღოლები ამბობენ, რომ მათი შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს. მძღოლებს კომპანიისგან, ჯერჯერობით, პასუხი არ მიუღიათ.
„პუბლიკა“ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს, ლავრენტი ალანიას ესაუბრა. მისი თქმით, მთავარი, რაც პირველადი მოკვლევით გამოიკვეთა, დასაქმებულთა კონტრაქტებში არსებული პირობებია.
„პირველ ეტაპზე, რაც გამოიკვეთა, ყველაზე დიდი დარღვევა ის არის, რომ ძირითადი ხელფასი ზოგს აქვს 200 ლარის ფარგლებში, ზოგს – 300 ლარის. ამავე დროს კილომეტრზე დამატებით 20 ან 25 თეთრს უწერენენ ერთ გზაზე, უკანა გზა კი არ ანაზღაურდება. მუშაობენ ზეგანაკვეთურად, არასამუშაო დღეებშიც და ანაზღაურება მიზერულია. მთავარი, რაც პირველ რიგშია მოსაწესრიგებელი, არის კონტრაქტები და ამ კონტრაქტებით გაწერილი პირობები.
გარდა ამისა, ადამიანებს იმის პირობაც არ აქვთ, რომ დაისვენონ. შესაძლებელია, ჩავიდნენ ბათუმში, ზუგდიდში, უცბად დაურეკონ და მეორე რეისზე წასვლაც მოუწიოთ. ასევე, არ აქვთ კვების თანხაც“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას ლავრენტი ალანია.
„საქართველოს ფოსტის“ მძღოლები სამუშაოს შესრულებაზე უარს 1 ივნისიდან ამბობენ. მათი თქმით, ხშირად უწევთ მუშაობა არასამუშაო დღეებში, შაბათ-კვირას, ასევე ხშირად – დღე-ღამის განმავლობაში. გარდა ამისა, უწევთ ფიზიკურად დახმარება, საქმის საჭიროების მიხედვით. მძღოლები ფოსტის პოზიციას ელოდებიან.
„პუბლიკა“ ამ დღეების განმავლობაში ცდილობდა „საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.