„პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საიას არასდროს არ ჰქონია პოლიტიკური ინტერესი ან რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის მხარდაჭერის გამოცხადების განზრახვა, რაც მმართველ გუნდშიც ძალიან კარგად იციან“, – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში საია-ს სარჩელზე. მან სარჩელი „არეულობის სცენარს“ დაუკავშირა და აღნიშნა, რომ „შემაშფოთებელია, რომ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება
როგორც ნიკა სიმონიშვილი ამბობს, საია, ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, ყოველთვის იყო ის ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ მძიმე დარღვევებზე მკაცრად რეაგირებდა და მისივე თქმით, ეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსაც დაუდასტურებიათ.
„რაც შეეხება ჩვენ სარჩელს, მისი შეტანა გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ მაჟორიტარული საზღვრების ეს მოცემულობა, რომელსაც არაკონსტიტუციურად და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ, მესამე მოსმენაზე გაჩნდა კანონში, როდესაც ჩვენ პროცესში აღარ ვიყავით ჩართული და გავლენასაც ვერ მოვახდენდით.
ამდენად, არასწორია, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობდით ამ საზღვრების პროცესში. იმაზე ბევრი ვიფიქრეთ, როდის უნდა შეგვეტანა სარჩელი და არჩევნების წინ მისი შეტანა სწორედ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი დაკავშირება არჩევნების შედეგებთან და ამ ფაქტით მანიპულირება არ მომხდარიყო.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სარჩელში არ დაგვიყენებია ნორმის შეჩერების მოთხოვნა და არც იმაზე ვუთითებთ, რომ ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმის იდენტური შინაარსის მატარებელია, რის გამოც, სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე შეიძლება გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად (თუ რა თქმა უნდა, სასამართლო თვითონ არ მიიჩნევს ამას ასე).
ამდენად, სასამართლოსთვის კანონით მიცემული ვადისა და პრაქტიკის გათვალოსწინებით, ეს საქმე არჩევნებამდე არსებითად ვერ იქნება გადაწყვეტილი და ვერც ახლო მომავალში, ხოლო სასამართლოს მიერ ჩვენი სარჩელის საფუძველზე შემდგომ გამოტანილი გადაეყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას ამ არჩევნების შედეგებზე, ისევე, როგორც ეს მოხდა პარლამენტის ძველი მაჟორიტარული საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობისას.
ბატონი კობახიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „სამართლებრივი ნონსენსია“ ის, რომ ჩვენმა სარჩელმა რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას ამ არჩევნებს და სანამ ასეთ დასკვნებს გამოიტანენ მმართველ გუნდში, ჯობს ჯერ სარჩელს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები.
ხაზს გავუსვამ იმ გარემოებასაც, რომ ჩვენ არც გვაქვს უფლება, არჩევნების არაკონსტიტუციურობაზე ვიდაოთ ან რამენაირად გავლენა მოვახდინოთ მის შედეგებზე და ამას თუ სპეციალური სუბიექტი კანონით დადგენილი წესით გააკეთებს, ამაზეც არ ექნება გავლენა ჩვენ სარჩელს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს ძველი გადაწყვეტილების შესაბამისად მოუწევს ისევ მსჯელობა.
ჩვენი სარჩელის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს და არ გახდეს პოლიტიკური შეთანხმებების საგანი“, – წერს სიმონიშვილი Facebook-გვერდზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.