მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ირაკლი ამირანაშვილის ცნობით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები „მივიდნენ უკიდურეს დონემდე და გაფიცვისთვის ემზადებიან”.
სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა ნაწილმა, პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად გუშინ აქცია გამართეს და აღნიშნეს, რომ მედიაციის პროცესმა უშედეგოდ ჩაიარა და ისინი მათთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებას აპირებენ.
„ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რომ ექიმები ვართ და ჩვენი დახმარება პაციენტისთვის მთავარია. ყველას გვეხამუშება „ექიმის გაფიცვა”. ყველანაირად ვიკავებდით თავს ამისგან, თუმცა სისტემამ ამით ისარგებლა, იმით, რომ ექიმები ვართ. როგორც ყველა დასაქმებულ პირს, ჩვენც გვაქვს უფლება გაფიცვის, შეზღუდულად.
ვინაიდან, 6 თვე ვიარეთ წინ და უკან დირექციასა და სამინისტროში, მივწერეთ წერილი პრემიერსაც და ამის შემდეგ დავიწყეთ მედიაციის პროცესი, რომ გაფიცვის პროცესი არ ყოფილიყო ქაოსური, მაგრამ დამთავრდა უშედეგოდ. დაგვპირდნენ ერთჯერად დახმარებას, რასაც ჩვენ არ ვითხოვდით. ჩვენ ხელფასის 100%-ით ზრდას, დაზღვევას, პენსიასა და შრომის ნორმალურ პირობებს ვითხოვთ.
გავაგრძელებთ გაფიცვაზე მუშაობას. 26 სექტემბერს გვქონდა შეხვედრა გაფიცვის თაობაზე – რამდენი ბრიგადა გაჩერდებოდა. შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა – როგორც მათ თქვეს, ვერცერთი ბრიგადა ვერ გაჩერდება. ჩვენ გვაქვს შეზღუდულად გაფიცვის უფლება და ვეცდებით ეს კანონიერი უფლება გამოვიყენოთ”, – ამბობს „ფორმულასთან” საუბრისას სასწრაფო დახმარების თანამშრომელი მაგული ეპიტაშვილი.
როგორც ირაკლი ამირანაშვილი განმარტავს, დაგეგმილია გაფიცვა იმ ნაწილის, ვინც არ იმუშავებს და, რა თქმა უნდა, არ მოხდება სასწრაფოს მუშაობის სრული პარალიზება.
პროფკავშირების განცხადებით, უახლოეს დღეებში გაერთიანების იურისტი, რომელიც ექიმებისა და მძღოლების უფლებებს იცავს, დასაქმებულებთან მინიმალური მომსახურების მოცულობის შეთანხმებაზე დახმარების ცენტრის დავალდებულების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
მათი განმარტებით, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ სასწრაფოში დასაქმებულებმა ისარგებლონ გაფიცვის უფლებით. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის სამედიცინო დახმარება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში (იგულისხმება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის იმწუთიერი საფრთხე, როგორიცაა: სტიქიური უბედურება, გონების დაკარგვა, სისხლდენა, ინსულტი და სხვ.).