სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარკო ჯურიჩი X-ზე წერს, რომ გულწრფელ მადლობას გამოხატავს საქართველოს მიმართ, ვინაიდან საქართველომ სამი წლის წინ ხმა მისცა ევროსაბჭოში კოსოვოს გაწევვრების წინააღმდეგ და მუდმივად უჭერს მხარს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩემი ქვეყნისთვის დღევანდელი სასიხარულო ამბის ფონზე (რომ კოსოვო არ გახდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა), გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს მიმართ, სამი წლის წინ ე.წ კოსოვოს გაწევრების პროცედურის ინიცირების წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის, ისევე როგორც სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ჯურიჩმა მაკა ბოჭორიშვილთან კიშინაუში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისივე განცხადებით, საქართველოს და სერბეთის ორმხრივი ურთიერთობები „სტაბილურად განაგრძობს წინასვლას“.
„რაც აისახა კიდეც ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაში; ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის სრული პოტენციალის ასამოქმედებლად და ორივე მხარის ბიზნესისა და ინვესტორებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად“, – აცხადებს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, „თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მიმდინარე პროცესი კიდევ უფრო ადასტურებს ჩვენს მტკიცე მზაობას საქართველოსთან საერთო ურთიერთობების გასაძლიერებლად“.
კოსოვო, ძირითადად, ეთნიკური ალბანელებით დასახლებული ტერიტორიაა, რომელიც მანამდე სერბეთის ერთ-ერთი პროვინცია იყო.
2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან.
სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და რეგიონს, კვლავ, სერბეთის ნაწილად განიხილავს.
მოუხედავად ამისა, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპის ქვეყნების უმეტესობას. ჩინეთი და რუსეთი მხარს სერბეთს უჭერენ.
საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რაც განპირობებულია ქვეყნის პოზიციით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირშია თავად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი).