ბოჭორიშვილის თქმით, ტრიბუნალის მხარდაჭერამ შეიძლება „დამატებითი რისკები“ შექმნას

პუბლიკა

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო არ შეუერთდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მოთხოვნას, ვინაიდან „საქართველო შეიძლება გაზრდილი რისკების წინაშე აღმოჩნდეს, საქართველოს კი ამის ფუფუნება არ აქვს“.

„საქართველოს მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე დააყენოს.

ამ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენ ვხედავთ რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად სჭირდება გადახედვა, სიცხადე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსთან და საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში საქართველოში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან მიმართებით“, – თქვა მან.

„ქართული ოცნება“ რამდენიმე წელია, ანტიევროპულ და ანტიუკრაინულ რიტორიკას და ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან ომის საფრთხის პროპაგანდით ამართლებს.

ომზე აქცენტირებული განცხადება გააკეთა „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა.

„შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, შესაბამისად, სადაც რისკი არსებობს, მოწოდების სიმაღლეზე ვართ – არ დასრულებულა ომი და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს საფრთხე საქართველოსთან მიმართებით არ არის, ძალიან შემცდარა“, – თქვა მან.

საქართველომ ევროპის საბჭოს ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი არც 2025 წლის ივლისში დაუჭირა.

გუშინ, 15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე  ევროსაბჭოს 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა მხარი დაუჭირეს ტრიბუნალის შექმნას უკრაინაში რუსეთის დანაშაულებთან დაკავშირებით. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ სპეციალური ტრიბუნალი იურიდიულ რეალობად იქცა და ეს მხოლოდ დასაწყისია სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე.


ტრიბუნალის ჩამოყალიბების შესახებ საუბარი 2022 წელსვე დაიწყო, ძირითადი ჯგუფი კი 2023 წელს შეიკრიბა.

პირველი ქვეყნები, რომლებმაც ოფიციალურად დაუჭირეს მხარი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას და ჩამოაყალიბეს სამუშაო ჯგუფი, იყვნენ:

  • უკრაინა – მთავარი ინიციატორი;
  • ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი – ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ პირველები, ვინც საერთაშორისო დონეზე ამის მკაფიო მოთხოვნა დააყენეს.
  • გაერთიანებული სამეფო;
  • პოლონეთი.

2023 წლის ივლისში ჰააგაში გაიხსნა „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი“ (ICPA), რაც ტრიბუნალის შექმნისკენ გადადგმული პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იყო.

უკრაინა იმედოვნებდა, რომ ტრიბუნალი 2026 წლის ბოლომდე ამოქმედდებოდა, თუმცა ნიდერლანდის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა არიენ აიჰტერლინდემ განაცხადა, რომ ტრიბუნალის „ძირითადი ბირთვი“ ჰააგაში მხოლოდ 2028 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება.