ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას, უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებც საქართველო არ შეუერთდა.
რეზოლუცია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიშინოვში, 135-ე მინისტერიალის სესიააზე მიიღო. მას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა და 36-მა ქვეყანამ, რომელთაგან 34 ევროსაბჭოს წევრია.
მინისტრებმა მიიღეს რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესახებ გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების დამყარების შესახებ, რაც წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს ტრიბუნალის პრაქტიკული განხორციელებისკენ, რომელსაც დაევალა იმ პირთა გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და გასამართლება, რომლებსაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოაცხადეს, რომ აპირებენ შეთანხმებაში გაწევრებას, ასევე განსაზღვრავენ სპეციალური ტრიბუნალის ფუნქციონირებისა და დაფინანსების წესებს.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ სპეციალური ტრიბუნალი იურიდიულ რეალობად იქცა და ეს მხოლოდ დასაწყისია სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ შეხვედრას საგარეო უწყებიდან მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ მინისტერიალზე განაცხადა, რომ ამ სახელმწიფოებმა გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი სპეციალური ტრიბუნალის ფაქტობრივი დაფუძნებისა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის პასუხისმგებლობის აღიარებისკენ.
„სპეციალური ტრიბუნალი სამართლიანობისა და იმედის სიმბოლოა. ახლა საჭიროა ზომების მიღება ამ პოლიტიკური ვალდებულების სისრულეში მოსაყვანად, ტრიბუნალის ფუნქციონირებისა და დაფინანსების უზრუნველყოფის გზით. ახლოვდება დრო, როდესაც რუსეთს პასუხი მოეთხოვება აგრესიის გამო. ჩვენ წინაშე არსებული გზა სამართლიანობის გზაა და სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“ -თქვა ბერსემ.