სიბიჰა: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას

პუბლიკა

მოლდოვაში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიი სიბიჰას შეხვედრა გაიმართა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აგრძელებენ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას.

„მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილთან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტრთა სესიაზე.

ჩვენი საუბარი იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართული ბოლოდროინდელი დიალოგის პირდაპირი გაგრძელება.

ჩვენ განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ სუამ-ში, და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში, ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე.

ჩვენ ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას“, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„2026 წლის 15 მაისს, ქ. კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას, ანდრი სიბიჰას შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.


ეს ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს საგარეო მინისტრების მეორე პირისპირი შეხვედრაა. ისინი პირველად ერთმანეთს 4 მაისს სომხეთში შეხვდნენ. შუალედში მათ ტელეფონითაც ისაუბრეს.

სომხეთში ისაუბრეს ირაკლი კობახიძემაც და ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.