სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

პუბლიკა

საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალზე ჩამოსვლის შესახებ შეკითხვის პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგოებო,“ – ასე უპასუხა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას ლავროვმა.

ლავროვს შეკითხვებით ჟურნალისტებმა ჟენევაში მიმართეს, სადაც ასევე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.


მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას უნდა უმასპინძლოს.

28 იანვარს ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კითხვით მიმართა: „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებლურ ღონისძიებებს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებისა და რელიგიური, ეროვნული თუ სხვა უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“

სალომე ზურაბიშვილმა რუსი დეპუტატის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ: „ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული პოლიტიკისგან განსხვავებით, პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს.

ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ მიიღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“.