ლავროვის აპოკალიფტო

თორნიკე შარაშენიძე

მიმდინარე წელი საქართველოსათვის ისედაც მძიმე იქნება, რადგან წინ არჩევნებია. ასეთ ვითარებაში ისედაც დასუსტებულ მმართველ პარტიას, წესით, დამატებითი ხათაბალა არ სჭირდება. მაგრამ რატომღაც ისე ხდება რომ იგი საკუთარი ნებით ჰყოფს თავს ახალ დიდ ხათაბალაში, რომელსაც თბილისში ლავროვის ვიზიტი ჰქვია.

საქმე ისაა, რომ საქართველოს უპრობლემოდ შეუძლია, უარი თქვას მინისტერიალის მასპინძლობაზე. ამისათვის მას არანაირი სანქცია და პრობლემა არ ემუქრება. როცა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარება ხდება, მინისტერიალი შესაძლოა გაიმართოს სტრასბურგშიც. ეს მარტივად აგვაცილებდა თავს ყველა პრობლემას. მინისტერიალის თბილისში ჩატარება და რუსების არდაშვება ხომ კიდევ ერთი ხათაბალაა.

რუსეთი ახლახან დააბრუნეს ევროსაბჭოში, რადგან წამყვან ევროპელ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სჯობს ასეთი პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო ფორმატში დარჩეს, ვიდრე მის გარეთ იყოს (იზოლირებული რუსეთი შეიძლება კიდევ უფრო საშიში გახდეს). შესაბამისად, საქართველოს მხრიდან ეს პოლიტიკოსები ახლა დათმობასა და კომპრომისს ელიან. თუმცა, ევროპელების მხრიდან რუსების არშემოშვების რეაქციაზე უფრო მნიშვნელოვანი ოფიციალური თბილისისათვის, ცხადია, რუსების რეაქციაა, რომელიც რბილი ნამდვილად არ იქნება.

მაგრამ, სამწუხაროდ, აშკარაა, რომ  საქართველოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა (რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე) აპირებს, მინისტერიალი თბილისში გამართოს. ეს ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ სტრასბურგში გამოსვლისას რუსული დელეგაცია თბილისში მოიწვია. ძნელი წარმოსადგენია ამის შემდეგ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს და მინისტერიალს აღარ უმასპინძლოს.

რისი გამოწვევაც შეუძლია ლავროვის ვიზიტს, ამაზე ბევრი საუბარი ალბათ არ ღირს. მაგრამ მაინც უნდა გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. 

პირველი ის, რომ ლავროვს არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. შესაბამისად, მისი თბილისში მასპინძლობით მთავრობა ამ კანონის აღსრულებაზე უარს ამბობს. როცა (და ოდესღაც ეს ნამდვილად მოხდება) ხელისუფლებაში სხვა პარტია (ან პარტიები) მოვა, მას სრული საფუძველი ექნება, დაიწყოს სამართლებრივი დევნა ახლანდელი მთავრობის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ამ კანონის გაუქმებას ოფიციალური მოსკოვი 2012 წლიდან მოყოლებული ჯიუტად ითხოვს და ლავროვის შემოშვება სხვა არაფერი იქნება, თუ არა ამ მოთხოვნის ფაქტობრივი შესრულება.

მეორე ის, რომ რა ზომებიც არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ის მაინც ვერ აღკვეთს პროტესტის ტალღას. პროტესტი ნაწილობრივ ოპოზიციის მიერ იქნება მართული, რომელიც მშვენივრად გამოიყენებს ამ საჩუქარს, მაგრამ პროტესტი მეტწილად სრულიად გულწრფელი იქნება და ბევრ მოქალაქეს მოუყრის თავს რუსთაველის პროსპექტზე. მოსკოვის პროპაგანდა ამას აუცილებლად მონათლავს „რუსოფობიად“, „ანტირუსულ ისტერიკად“ და ამისათვის პასუხს ისევ საქართველოს მთავრობას მოსთხოვს. ასე რომ, თუკი ახლა მმართველი პარტიის ლიდერს (ან ლიდერებს) სურს რუსული დელეგაციის სამაგალითო მასპინძლობით მოსკოვის წინაშე ივნისის ამბების „ცოდვები“ გამოისყიდოს, დიდი შანსია, კიდევ უფრო უარესი მიიღოს: 2019 წლის ივნისის „ცოდვებს“ 2020 წლის მაისის „ცოდვები“ დაუმატოს.

ივნისს ორმხრივი ავიარეისების დროებითი აკრძალვა მოჰყვა. თუკი მაისში მთავრობა მოვლენებს ვერ გააკონტროლებს, არაა გამორიცხული მოსკოვმა საქართველოს ეკონომიკური ემბარგოც დაადოს  (სად ვიღაც გავრილოვს რომ აყენებენ შეურაცხყოფას და სად თვით ლავროვს). ეს უკვე მძიმედ დაარტყამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ბოლო წლებში ისევ საგრძნობლად მიება რუსულ ბაზარს. 

შესაძლოა, მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ ყველა შესაძლო გართულებას ოპოზიციას გადააბრალებს. მაგრამ ეს ძალიან რისკიანი თამაშია. მით უმეტეს რომ მმართველი პარტია ძალიან დასუსტებულია და ლამის დაშლის პირასაა მისული. კიდევ ერთი დიდი კრიზისი მან შესაძლოა საერთოდ ვერ გადაიტანოს და არჩევნებამდეც კი ვერ მიაღწიოს. მაშ რაშია საქმე? რატომ მიდის ხელისუფლება ასეთ რისკზე?

ერთადერთი რაციონალური ახსნა ალბათ ის არის, რომ თავად ლავროვი თბილისში ჩამოსვლას არ აპირებს და ეს ამბავი ხელისუფლებაში მშვენივრად იციან. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ბოლო დღეებში ვუყურებთ, ალბათ ერთმანეთში შეთანხმებული სპექტაკლის ნაწილია და მეტი არაფერი. საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგის მაღალი ტრიბუნიდან რუსულ დელეგაციას თბილისში ეპატიჟება. ეს ივნისის მოვლენების გამო ბოდიშის მოხდა და შერიგების მცდელობაა, მით უმეტეს, რომ რუსული მხარე ივნისის კრიზისის დროს სწორედ ზურაბიშვილის გამონათქვამებმა გააღიზიანა. ამის შემდეგ მოსკოვიდან იტყვიან, რომ იქ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია სურთ, მაგრამ ივნისის შემდეგ ქართველების საქციელით იმედგაცრუებული არიან და შესაბამისად, თბილისი არ იმსახურებს, რომ მინისტერიალზე რუსეთი საგარეო მინისტრმა წარადგინოს. მაისში ალბათ ლავროვის მოადგილე ჩამოვა. მას შესაძლოა, არ ჰქონდეს დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ (ან თუ ექნება, ჩვენ ეს არ გვეცოდინება). პროტესტი მაინც იქნება, მაგრამ არა ისეთი ძლიერი. მოსკოვი კი ამასობაში დააკვირდება რამდენად „კარგად იქცევა“ საქართველოს ხელისუფლება. თუ ყველაფერი მეტ-ნაკლებად მშვიდობით ჩაივლის, ივნისის „ცოდვები“ შეიძლება გამოსყიდულად ჩაითვალოს.

ცხადია, არის ალბათობა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება უფრო მძიმე გამოცდის წინაშე დააყენოს. გამოგზავნოს ლავროვი და შემდეგ დააკვირდეს, რამდენად „კარგად მოიქცევა“ ჩვენი მთავრობა. მაგრამ, ჩემი აზრით, მოსკოვში კარგად ესმით, რომ საქართველოს ახლანდელი მმართველი პარტიისათვის ეს მეტისმეტად მძიმე გამოცდად შეიძლება იქცეს, რომელსაც ეს პარტია ალბათ გადაყვება კიდეც. მოსკოვში ხომ ახლანდელი მმართველი პარტია აშკარად ურჩევნიათ, ვიდრე ყოფილი მმართველი პარტია.