შეცდომები ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით „შესწორებულ" განცხადებაშიცაა

პუბლიკა

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაციაზე, რომელიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავდა, მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტება გაავრცელა.

განმარტების მიხედვით, ტექსტში დაშვებული უზუსტობები ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.

„როგორც პასუხისმგებელი პირი, ბოდიშს ვიხდი ხარვეზისთვის, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ამჟამად გასწორებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამის შემდეგ მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში ცვლილება შევიდა:

„საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეებში ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

იუნკერები საქართველოს თავისუფლებისთვის 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ”, – ვკითხულობთ განახლებულ განცხადებაში.

შეცდომები განახლებულ განცხადებაშიცაა დაშვებული, რასაც ისტორიკოსი ბექა კობახიძე კვლავ გამოეხმაურა:

„25 თებერვალს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, საქართველოს ისტორიის ცოდნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა იქცევა ისე, ოროსან ბავშვს გაკვეთილის მოსაყოლად რომ გამოიძახებენ, ჰაერში იყურება და სისულელეების მოყოლას იწყებს.

ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ „შეასწორეს” თავიანთი განცხადება, მაგრამ ისევ ისეთი სისულელე დადეს.

საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა არა 17 თებერვალს, არამედ 11-12 თებერვლის ღამეს. ყველაზე საბედისწერო ბრძოლები სწორედ 11-17 თებერვლის ინტერვალში იყო.

იუნკრებს ძალიან ცუდად გადაეკიდნენ. ახლა იალღუჯასთან ბრძოლა დააბრალეს.

თან ეს გააკეთეს ისე, რომ განცხადებაც გაავრცელეს, ბოდიში შეგვეშალაო, ახლა კარგად დავფიქრდით და კრისტალიზებულ ინფორმაციას გთავაზობთო”, – წერს იტორიკოსი.