„შეიძლება ჰქონდეს დამაზიანებელი ეფექტი დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე" - IFCN რუსულ კანონზე

პუბლიკა

ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) უერთდება პრესის თავისუფლების მიმართულებით მომუშავე სხვა ორგანიზაციებს და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. IFCN-ის განცხადებას მითების დეტექტორი ავრცელებს.

„ასეთ კანონებს შეიძლება ჰქონდეს ძალზედ დამაზიანებელი ეფექტი დამოუკიდებელ და ანგარიშვალდებულ ჟურნალისტიკაზე, მათ შორის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების საქმიანობის კუთხით. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ იმაზე, თუ რა გავლენა ექნება მოცემულ კანონს FactCheck Georgia-სა და მითების დეტექტორზე, რომლებიც ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის პრინციპების კოდექსის ხელმომწერები არიან საქართველოდან.

ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები ნებაყოფლობით აწერენ ხელს პრინციპების კოდექსს და გადიან ვერიფიკაციის პროცესს, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მეთოდოლოგიის უნივერსალურ სტანდარტებს. პრინციპების კოდექსის ადმინისტრირებას ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი ახდენს, რომელიც აშშ-ში 1975 წელს დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია Poynter Institute-ის ნაწილია და მხარს უჭერს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. პრინციპების კოდექსის პროცესი, როგორც წესი, მოიცავს შეფასებას აკადემიური ან მედია ექსპერტისაგან, რომელიც ადგილობრივ კონტექსტს კარგად იცნობს, რასაც IFCN-ის მრჩეველთა საბჭოს კენჭისყრა მოსდევს. მრჩეველთა საბჭო შედგება დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ლიდერებისგან მთელი მსოფლიოდან, რომლებიც არჩეულ იქნა მათი თანამოაზრეების მიერ.

FactCheck Georgia პრინციპების კოდექსის დიდი ხნის ხელმომწერია, რომელმაც პირველი დამოუკიდებელი შეფასება 2017 წელს მიიღო და წარმატებით გახდა ქსელის წევრი. ფაქტ-მეტრზე ბოლო თავდასხმებზე საპასუხოდ, IFCN უარყოფს ნებისმიერ მტკიცებას, თითქოს პრინციპების კოდექსთან შესაბამისობის დადგენა „ლობიზმით“ ან რაიმე სხვა სახის არასამართლიანი გავლენის საშუალებით მოხდა. მითების დეტექტორი კოდექსის ხელმომწერია 2019 წლიდან და ასევე არაერთხელ გაიარა დამოუკიდებელი შეფასების პროცესი”, – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) მტკიცედ უჭერს მხარს პრესის თავისუფლებასა და ფაქტების გადამოწმებას გლობალურ დონეზე – მათი თქმით, FactCheck Georgia და მითების დეტექტორი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრები არიან და ისინი იმსახურებენ რეპრესიების საფრთხის გარეშე განაგრძონ თავიანთი ახსნითი ჟურნალისტიკის და ფაქტების გადამოწმების სტატიების გამოქვეყნება, რომელიც ანგარიშვალდებულს ხდის მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.