შეიძლება, წერილები არა ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები უნდა საუბრობდნენ - გახარია

პუბლიკა

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა თემაზე დავსხდეთ და წყნარად, მშვიდად ვისაუბროთ; შეიძლება, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები უნდა საუბრობდნენ,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსში ქართველი ჟურნალისტის მიერ 4 ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ. უნდა გვესმოდეს, რომ როგორი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების ან შეფასებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – აშშ-ი მხარს უჭერს. შეიძლება, შეფასებებში იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ; ყველას ყველაფერს ავუხსნით და ყველას ყველაფერს დავანახებთ, ზუსტად ისე, ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა“,- განაცხადა გახარიამ.

საქართველოს მთავრობამ გუშინ გიორგი გახარიასადმი 4 კონგრესმენის წერილი გამოაქვეყნა. კონგრესმენები ადამ კინზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრს სწერენ, რომ ისინი დიდი ხანია, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთთან ინტეგრაციაში, ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავიანთ შეშფოთებას უზიარებენ.

კონგრესმენები წერილში შეშფოთებას გამოხატავენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმების გადადებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე. ასევე კრიტიკულად აფასებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძველი საქმეების განახლებას. კონგრესმენებს მიაჩნიათ, რომ საქმეების ნაწილი შესაძლოა აღიქმებოდეს, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, მედიაორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიზანმიმართული დევნა, ამიტომ მთავრობისთვის კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების აუცილებლობის შეხსენება სურთ.