შემოსვლის წუთიდან გვქონდა ინფორმაცია – ლილუაშვილი სააკაშვილის დაკავებაზე

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ „TV პირველთან“  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის წუთიდან ჰქონდათ ინფორმაცია.

„რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გუშინ, 1 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.